საახალწლო მხიარულებამ დიღმის ჭალებიც მოიცვა. ქალაქში გამოსაზამთრებლად დარჩენილი ცხოველების მოსანახულებლად ჭალებში დიდი თუ პატარა შეიკრიბა. ადგილზე მოეწყო სასწავლო სახელოსნოები, ჩიტებისთვის დამზადდა საკვებურები, სტუმრებმა მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლების აშენებაშიც მიიღეს მონაწილეობა.
დიღმის ჭალები სკოლის მოსწავლეებმაც დაათვალიერეს, მოეწყო საგამოფენო სივრცე, გაიყიდა ხელნაკეთი ნივთები.
„ამ ღონისძიებით გვინდა დიღმის ჭალებს ახალი სიცოცხლე ვაჩუქოთ და ვაჩვენოთ, რომ ამ ტერიტორიას მრავალმხრივი ფუნქცია აქვს. აქ შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა აქტივობა, შესანიშნავი ადგილია საგანმანათლებლო და რეკრეაციული ფუნქციისთვის. დიღმის ჭალები რამდენიმე წლის წინ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე იყო, ტყის საფარის დიდი ნაწილი განადგურდა სამშენებლო მასალების დაყრის შედეგად, ახლა ეს კრიმინალური საქმიანობა შეჩერებულია, თუმცა საჭიროა ტერიტორიის აღდგენა“, — აცხადებს `დიღმის ჭალების ინიციატივის წარმომადგენელი ანა ტრაპაიძე.
ღონისძიებაში ოთხი ორგანიზაცია მონაწილეობდა და მათვე მოამზადეს ყველაფერი, რაც ამ დღისათვის იყო საჭირო. ეს ორგანიზაციებია “ჭალების გარემოსდაცვით მუზეუმი”, “პროექტი ცხოველებისთვის”, “ბუნების კონსერვაცია საქართველო” და “საბუკო – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის.”
„საბუკოს განათლების გუნდი ბავშვებისთვის ხშირად აკეთებს მსგავს აქტივობებს. ზრდასრულებიც ხშირად ინტერესდებიან ხოლმე და გვეკითხებიან, რა შეიძლება აჭამონ ფრინველებს. ზოგჯერ პურით კვებავენ ხოლმე, რაც არ შეიძლება. ჩვენ ვასწავლით სწორად როგორ უნდა გააკეთონ მარტივი საკვებურები“, — ამბობს საბუკოს განათლების პროგრამის ოფიცერი გვანცა ბრაგვაძე.
თავად ცხოველები მხიარულებაში არ მონაწილეობდნენ, ხმაურს უფრთხოდნენ და მიმოიფანტნენ, თუმცა დიღმის ჭალების ბინადრებს, მათთვის დატოვებული სასუსნავები შეუმჩნეველი ალბათ არ დარჩებათ.