უკვე მეცამეტე დღეა, რაც თეირანში საპროტესტო ტალღა აგორდა. ბოლო წლებია, ქვეყანაში მსგავსი მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები არ ყოფილა. ამას ემატება მკაცრი ინტერნეტრეგულაციებიც, რომლებიც მნიშვნელოვნად ართულებს მსოფლიოსთან კომუნიკაციას. Euronews იკვლევს, რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები მომავალში.
თეირანში ქუჩის პროტესტი უკვე მეცამეტე დღეა გრძელდება. ხუთშაბათს ღამით ინტერნეტის მასშტაბურმა გათიშვამ და ზოგჯერ თითქმის სრულმა ბლოკადამ ქვეყნის შიგნით და გარეთ კავშირი თითქმის სრულად შეზღუდა.
იმ მცირე რაოდენობის ფოტოებსა და ვიდეოკადრებში, რომლებიც სოციალური ქსელებით მაინც ვრცელდება, ჩანს, რომ საპროტესტო ტალღა თეირანის გარდა, სხვა ქალაქებსაც მოედო. თუმცა ინტერნეტთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვების გამო გავრცელებული ცნობების გადამოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ირანიდან მიღებული ბოლო კადრები გერმანელებს შესაძლოა ბერლინის კედლის დაცემას ახსენებდეს, ირანელთა დიდ ნაწილს კი ისინი 1979 წლის რევოლუციისა და რეზა-შაჰ ფეჰლევის რეჟიმის დასასრულს აგონებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე მოვლენებს ყველაზე მასშტაბური პროტესტი უწოდა. ტრამპის ამ შეფასებას საერთაშორისო მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
განვითარებული მოვლენების, ინფორმაციის შეზღუდულად მოწოდებისა და ქვეყნის შიგნით ძალთა განაწილების ბუნდოვანების გამო ექსპერტები უახლოესი მომავლის რამდენიმე შესაძლო სცენარს განიხილავენ.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრება
ერთ-ერთი სცენარი რეპრესიული ზომების გაძლიერებაა. პარასკევს ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ გამოსცა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, საპროტესტო აქციებს უკიდურესად მკაცრი პასუხი მოჰყვება.
უმაღლესმა ორგანომ, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს წყვეტს, განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი დემონსტრაციები გასცდა საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნებს, აქციის მონაწილეთა მიზანი არასტაბილურობის შექმნა გახდა. მისივე თქმით, დემონსტრაციები ისრაელისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით ეწყობა. მართალია, ეს ოფიციალური განცხადება არ შეესაბამება ირანში არსებულ რეალობას, იგი მაინც მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება სიტუაციას ეროვნულ საფრთხედ განიხილავს.
ანალიტიკოსები შიშობენ, რომ მსგავსი ფორმულირება, ფაქტობრივად, გზას უხსნის ხელისუფლებას, ძალა გამოიყენონ მომიტინგეების წინააღმდეგ, რადგან მისთვის ისინი არა უკმაყოფილო მოქალაქეები, არამედ „მტრული პროექტის“ აგენტები არიან.

ამასთანავე, მთავრობამ შესაძლოა მიმართოს დარბევის უფრო მკაცრ მეთოდებს, მასობრივ დაპატიმრებას, ასევე გამოიყენოს ლეტალური იარაღი. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსმა ზომებმა შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ქუჩებში სიმშვიდე დაამყაროს, ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ გააღრმავებს რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისს და კიდევ უფრო გაზრდის დაგროვილ უკმაყოფილებას.
პარასკევს გავრცელებული კადრები მიუთითებს, რომ ირანში, სავარაუდოდ, სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციაში განვითარებული სცენარი განმეორდება.
კადრებში ჩანს, რომ უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მომიტინგეებს ზაჰედანში, მაქის მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზაჰედანის სუნიტი წინამძღოლი — სამთავრობო პოლიტიკის კრიტიკოსი ბოლო დროს ხშირად მოუწოდებდა მხარეებს თავშეკავებისა და ძალადობის თავიდან აცილებისკენ.
ექსპერტების შეფასებით, ეს გაფრთხილება ვერ გაითვალისწინეს, რადგან ამის მიზეზი შუამავლობის არხების ჩაკეტვა იყო. ეს კი მიუთითებს, რომ მთავრობა პრობლემის გადაჭრას მხოლოდ ძალისმიერი (უსაფრთხოებაზე ორიენტირებული) მეთოდებით ცდილობს.
ბზარი ძალოვან სტრუქტურებში — ან მათი შემდგომი რადიკალიზაცია
რადიკალიზაცია უსაფრთხოებისა და სამხედრო ძალების რიგებში ბზარი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული სცენარია.
დიდი ყურადღება მიიპყრო ცნობებმა მასშტაბური საპროტესტო აქციების შესახებ ისეთ ქალაქში, როგორიცაა: მეშჰედი — ირანის აიათოლა ალი ხამენეის დაბადების ადგილი, ამას თან დაერთო ტრამპის განცხადებები უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელთა გაქცევის შესახებ.
ეკონომიკური სიდუხჭირე, ინფორმაცია მსგავსი რეჟიმების ბედის შესახებ და მუდმივი მხილება ფართომასშტაბიანი კორუფციის, ელიტის ცხოვრების წესისა და დასავლეთის ქვეყნებში მაღალჩინოსნების შვილების გაგზავნის შესახებ ის ფაქტორებია, რომლებმაც შესაძლოა შეასუსტოს ლოიალობა შეიარაღებული ძალების გარკვეულ ნაწილებში.

ამავდროულად, ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ გასულ ღამეს განვითარებული მოვლენები გარდამტეხია. მათი აზრით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) დაასკვნის, რომ, სრული ინტერვენციის გარდა, სხვა გზა აღარ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი მოკლევადიან პერსპექტივაში შიშს დათესავს, ხანგრძლივმა დაპირისპირებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს ლოიალურ ძალებს შორის დეზერტირობის რისკი.
მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ძალთა ბალანსში ფუნდამენტური ცვლილება ჯერჯერობით არ მომხდარა.
მათი ვარაუდით, მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ ნებაყოფლობით დათმოს ძალაუფლება— იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონტროლის შენარჩუნება ხანგრძლივ არასტაბილურობასა და შიდა რღვევას მოითხოვს.
ფიზიკურ რეპრესიებთან ერთად ხელისუფლების მთავარ ინსტრუმენტად „ინტერნეტომი“ იქცა.
ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება, ინტერნეტის სრულ გამორთვასთან ერთად, გამოიყენებს ისეთ ტაქტიკას, როგორიცაა ხარვეზების შექმნა (ე.წ. „ჯამინგი“) ან სატელიტური კომუნიკაციებისა და Starlink-ის ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული შეფერხება. ეს ის მეთოდებია, რომლებიც მანამდე სატელიტური ტელეარხების წინააღმდეგ გამოიყენებოდა.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ნიშნავს, რომ ირანი კომუნიკაციების კონტროლის უფრო მაღალ საფეხურზე გადადის და ქვეყნის საინფორმაციო სივრცის სრულად იზოლირებას მიზანმიმართულად ცდილობს.
ასეთი ზომები თავისთავადაც მიუთითებს, რამდენად სერიოზულად აღიქვამს რეჟიმი პროტესტის გაგრძელებასა და მისი გეოგრაფიული გაფართოების საფრთხეს.

ტრამპი, ფეჰლევი და ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა
დონალდ ტრამპის განცხადებებმა მემკვიდრე პრინც რეზა ფეჰლავის შესახებ კრიზისს დამატებითი გაურკვევლობა შემატა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა იგი „კარგ ბიჭად“ მოიხსენია, გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ სამშაბათს მარ-ა-ლაგოში მათი შეხვედრა აღარ იგეგმება.
შეხვედრის გაუქმების სხვადასხვა მიზეზი არსებობს, იქნება ეს სამართლებრივი საკითხები თუ ის, რომ ისლამურ რესპუბლიკას არ მიეცეს „უცხოურ ჩარევაზე“ აპელირების საბაბი, რასაც იგი რეპრესიების გასამართლებლად გამოიყენებდა.
თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ამ განმარტებებს არ ეთანხმება, განსაკუთრებით ტრამპის წარსული ქმედებების გათვალისწინებით.
ამავდროულად, რამდენიმე ანალიტიკოსის შეფასებით, ირანის ბოლო შაჰის ვაჟის მოწოდებაზე საზოგადოების გამოხმაურებამ თავდაპირველ მოლოდინს გადააჭარბა.
საპროტესტო აქციებზე ისმოდა ისლამური რესპუბლიკის მმართველის — უმაღლესი ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო მოწოდებები, თუმცა ზოგჯერ დემონსტრანტები მონარქიის აღდგენასაც მოითხოვდნენ და ფეჰლავებსაც ახსენებდნენ. ეს პროტესტის რიტორიკაში თვალსაჩინო ცვლილებად აღიქმება წინა ტალღებთან შედარებით.

ამის საპირისპიროდ, ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ პარასკევს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სისტემა უკან არ დაიხევს. სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში მან პროტესტის მონაწილეები კვლავ არეულობის გამომწვევებად მოიხსენია და თქვა, რომ გამოსვლები დონალდ ტრამპის ინტერესებს ემსახურება და მისსავე დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად. მისი აზრით, დემონსტრანტებს ქვეყნისთვის ზიანი მოაქვთ.
შიდა რეფორმა და ე.წ. „ბონაპარტისტული“ სცენარი
რამდენიმე დღის წინ ეს სცენარი ერთ-ერთ ყველაზე რეალისტურ ვარიანტად მიიჩნეოდა.
აშშ-სთვის რეჟიმის ცვლილების მაღალი ფასის, საგარეო ინტერვენციის შემდეგ მიღებული ვენესუელური გამოცდილებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ისლამური რესპუბლიკის არსებობა გარკვეულ რეგიონულ და გლობალურ ინტერესებს ემსახურება, გაჩნდა მოსაზრება, რომ რეფორმების გატარება შესაძლოა სისტემის შიგნით მყოფ პირს დაევალოს. მიზანი კი ეკონომიკის სტაბილიზაციაა ძალაუფლების სტრუქტურის ფუნდამენტური ცვლილების გარეშე.

გაურკვევლობას ის ქმნიდა, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს პირი. ზოგი ყოფილ პრეზიდენტ ჰასან რუჰანიზე მიუთითებდა; სხვები ვარაუდობდნენ, რომ წესრიგის აღდგენას ნაკლებად ცნობილი სამხედრო პირი — ნაპოლეონის მსგავსი მხსნელი შეეცდებოდა.
თუმცა, რამდენიმე ექსპერტმა რუჰანის დაბრუნება არარეალისტურად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სათავეში მისი მოსვლის ნებისმიერი მცდელობა სავარაუდოდ, აიათოლასთან დაახლოებული რადიკალების (hardliners) მიერ მისი ჩამოცილებით დასრულდებოდა.
ირანის ოპოზიციის, კერძოდ, ტახტის მემკვიდრე პრინც ფეჰლევის, შესახებ ტრამპის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა გავლენა იქონია ამ მოცემულობაზე.
მიუხედავად ამისა, ფეჰლევის ბოლო მოწოდებაზე საზოგადოების ფართომასშტაბიანმა გამოხმაურებამ, განსაკუთრებით ხუთშაბათის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეასუსტა ეს სცენარი, თუმცა იგი დღის წესრიგიდან სრულად არ გამქრალა.

არც სირია და არც ვენესუელა?
კიდევ ერთი სცენარი, რომელიც სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ხელისუფლების უმაღლესი ფიგურების შესაძლო გაქცევას ან ქვეყნიდან წასვლას უკავშირდება.
ვრცელდება ცნობები საეჭვო რუსულ ავიარეისებზე, ირანიდან ოქროს შესაძლო გატანასა და ვარაუდებზე, რომ აიათოლა ხამენეი და მისი ოჯახი მოსკოვში გადასვლას გეგმავენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, საფრანგეთისთვის ვიზებზე განაცხადი გააკეთეს პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაქირ კალიბაფმა და მისმა ოჯახის წევრებმა, ასევე ითქვა, რომ ლიბანში მისი ვიზიტის დროს აბას არაღჩის ოჯახის წევრებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ.
ამის საპირისპიროდ, ვენესუელის გამოცდილება ნიკოლას მადუროს მმართველობის პირობებში აჩვენებს, რომ მოლოდინის მიუხედავად, არსებული ძალაუფლება იქ არ ჩამოშლილა და დღემდე შენარჩუნებულია.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, დონალდ ტრამპის მთავარი მიზანი აიათოლა ხამენეის ჩამოშორებაა, რის შემდეგაც ძალაუფლება სისტემაში მყოფ პირს გადაეცემა გარდამავალი პერიოდის სამართავად.
თუმცა საპროტესტო ტალღის მასშტაბის ფონზე სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, რამდენად რეალისტურია ეს სცენარი დღეს.
ამ ეტაპზე უფრო თვალსაჩინო ალტერნატივად განიხილება მოდელი, რომელიც არც სირიას ჰგავს და არც ვენესუელას, მაგრამ რომლის შედეგადაც ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის უფრო თავსებადი თავსებადი ჩამოყალიბდეს.
მიუხედავად ამისა, კვლავ გაურკვეველია, რა მოჰყვება უზენაესი ლიდერის ჩამოშორებას – მისი გადაყენება, გარდაცვალება თუ იძულებითი წასვლა.
საინტერესოა, დადგება თუ არა ირანი დაშლის, უსაფრთხოების კრიზისისა და ეთნიკური თუ უმცირესობების მოთხოვნების რისკის წინაშე? თუ შეძლებს ისეთი „მხსნელის“ გამოყვანას, რომელიც ღრმა სტრუქტურულ კრიზისს გადალახავს?

ამ კონტექსტში ასევე ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად რეალურია დაპირებები უცხოური ინვესტიციების შესახებ ან დარა ხოსროშაჰისა და ილონ მასკის განცხადებები.
ამავდროულად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გლობალური ძალები, ჩინეთი და რუსეთი, პასიურად დარჩნენ; ისინი, რა თქმა უნდა, ითამაშებენ გარკვეულ როლს ამ ისტორიულ გადაჯგუფებაში.
თუ ბოლო საათების განმავლობაში თეირანიდან მიღებული ინფორმაცია ადგილზე არსებულ რეალობას ასახავს, სულ უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება ძალადობის უფრო მკაცრ მეთოდს მიმართავს.


