კატეგორიები

იტალიური ფრეგატი F 596 კვიპროსის სანაპიროსკენ მიემართება

იტალიური ფრეგატი F 596 კვიპროსის სანაპიროსკენ მიემართება
Copyright AP Photo
ევროპული ქვეყნების სოლიდარობა კვიპროსის მიმართ იზრდება, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას კუნძულოვანი სახელმწიფო ირანული დრონების სამიზნე გახდა. ორშაბათს ნიქოზიაში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ელოდებიან. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე კუნძულის დასაცავად ხმელთაშუა ზღვის ამ ნაწილისკენ უკვე მიემართება იტალიური ფრეგატი, რომელსაც ფედერიკო მარტინენგოს სახელით იცნობენ. ის ხმელთაშუა ზღვის ამ ნაწილის აღმოსავლეთში რამდენიმე ევროპულ სამხედრო ხომალდს შეუერთდება, რომლებიც ევროპელებმა კვიპროსში მდებარე ბრიტანულ ავიაბაზაზე ირანის იერიშის შემდეგ მალევე გაგზავნეს.

„დიალოგი შედგა იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს შორის. არსებობს მჭიდრო კოორდინაცია ევროპის ოთხ საკვანძო სახელმწიფოს შორის, რათა ამ კრიზისს ერთობლივი ძალებით ვუპასუხოთ, გავააქტიუროთ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა და თავიდან ავირიდოთ ესკალაცია. იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოება, ჩვენ ასევე განვათავსებთ იტალიურ ფრეგატს კვიპროსში. ეს არის ევროპული სოლიდარობის აქტი, თუმცა პირველ რიგში ის პრევენციას ემსახურება. ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ იტალია არ წარმოადგენს ამ კონფლიქტის მხარეს და არც აპირებს გახდეს მისი ნაწილი. ჩვენი ამოცანაა დაძაბულობის შემცირება“, — აღნიშნა სპეციალურ ვიდეომიმართვაში იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ.

იტალიის პრემიერი ხაზს უსვამს, რომ ამ ნაბიჯმა მცდარი დასკვნები არ უნდა გააჩინოს, თითქოს იტალია სამხედრო მოქმედებებშია ჩართული. თუმცა სრულიად საპირისპირო განცდა დარჩა ვაშინგტონში. მედიასთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯორჯა მელონი აშშ-ის მხარდაჭერას ცდილობს.

საბერძნეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ევროპის საზღვაო ძალების მობილიზებაში უკვე ჩაერთნენ. კვიპროსის თავდაცვაში ჩართულია არა მხოლოდ ნიქოზია, არამედ ხმელთაშუა ზღვისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებიც. ამის დასტურია არაერთი ქვეყნის სამხედრო ხომალდი ადგილზე.

ყველაფერთან ერთად მოვლენების ბოლო განვითარებამ კვიპროსში ძველ დებატებს მისცა ბიძგი, რაც კუნძულზე ბრიტანული სამხედრო ბაზების არსებობას უკავშირდება. კვირას ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ნიქოზიის ქუჩებში, რათა პროტესტი გამოეთქვათ. მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ აკროტირის ბრიტანული ბაზა არ იქნეს გამოყენებული აშშ-ის, ისრაელისა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში, რათა სახელმწიფო მესამე ქვეყნის სამიზნე არ გახდეს. „ეს არაა ჩვენი ომი“, — აცხადებდნენ დემონსტრანტები შეკრებაზე.

აკროტირის ორ ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე მიყენებული იერიშების გამო კვიპროსმა არასტანდარტული ზომები მიიღო. მთავრობამ ძველი თავშესაფრების განახლებისა და მობილიზების ბრძანება გასცა; ინსპექტირება რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Related news
გასულ უქმეებზე რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებზე იტალიური ფრეგატი F 596 კვიპროსის სანაპიროსკენ მიემართება