გასულ უქმეებზე რუსულმა ძალებმა დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებზე. ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 10 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი.
„წინასწარი მონაცემებით, ეს იყო ბალისტიკური რაკეტა. სამი დარტყმა იყო ქალაქ ხარკივზე. თავდასხმები იყო ასევე სამრეწველო ობიექტებზე. მოკვლევა გრძელდება“. - აცხადებს ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეჰ სინიეჰუბოვი.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო თავდასხმა და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა. ამასთან, 8 მარტს უკრაინის ლიდერმა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა რობ იეტენმა პატივი მიაგეს დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას. მათ ასევე ფრონტის ხაზის თავდაცვის გასაძლიერებლად რადარის სისტემების მიწოდებაზე იმსჯელეს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ წინა დღეს მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.
„ამ ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით პროგრესი ჯერ კიდევ არ არის, არც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტთან დაკავშირებითაა წინსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა აღიარებს, რომ ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პაკეტი კვლავ დაბლოკილია. ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციები შევაჯერეთ ემანუელ მაკრონთან. მომდევნო დღეები, ფაქტობრივად, მთელი კვირა, ევროპელებთან ერთობლივ მუშაობას დაეთმობა, რათა უკრაინის დასაცავად საჭირო გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული“. - განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 19 რაკეტა და 453 დრონი ჩამოაგდეს, თუმცა რუსმა სამხედროებმა 9 რაკეტითა და 26 სადესანტო დრონით მაინც შეძლეს იერიშის მიტანა 22 ადგილას.
ერთი დარტყმა იყო კიევიდან სუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელზე, რომლის ბორტზეც 200 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ მიკოლაივში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
თავდასხმა იყო ასევე კიევის რეგიონის სამ რაიონზე. სამხრეთის ქალაქ ოდესაზე დრონებით შედეგად გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად 80 მეხანძრე გამოიძახეს.
ამასობაში, უკრაინელებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში იერიში მიიტანეს ნავთობსადენის სადგურზე, რამაც შესაძლოა, რეგიონული საწვავის ტრანსპორტირების შეფერხება გამოიწვიოს.
ბელგოროდის ოლქში ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმის გამო მოსახლეობას არ მიეწოდება არც ელექტროენერგია და არც წყალი.
