კატეგორიები

„უმჯობესია, არ გამოცადონ ჩვენი ძალა“, - აზერბაიჯანის პრეზიდენტი თეირანს აფრთხილებს

„უმჯობესია, არ გამოცადონ ჩვენი ძალა“, - აზერბაიჯანის პრეზიდენტი თეირანს აფრთხილებს
Copyright AP Photo
„ირანული დრონის მიერ ნახჭევანის აეროპორტზე მომხდარ თავდასხმას ბაქო უპასუხოდ არ დატოვებს“ — ასეთია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოზიცია.

5 მარტს განხორციელებულ დარტყმას ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე „ამაზრზენი ტერორისტული აქტი“ უწოდა და თეირანი მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილა.

„აზერბაიჯანის ტერიტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ირანის მიერ ტერორისტული აქტი განხორციელდა.

ირანის რესპუბლიკის მიერ გაშვებული უპილოტო საჰაერო ხომალდის ცეცხლში მოჰყვა ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია. თავდასხმის სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ნახჭევანის საერთაშორისო აეროპორტი და მისი ტერმინალის შენობა, სკოლა და სხვა სამოქალაქო ობიექტები.

აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ ამაზრზენ ტერორისტულ აქტს. დამნაშავე პირები დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ. ის უსინდისო დამნაშავეები, რომლებმაც ეს ტერორისტული აქტი ჩვენ წინააღმდეგ ჩაიდინეს, ამას ინანებენ. უმჯობესია, არ გამოსცადონ ჩვენი ძალა.

მათ, ვინც ამას წარსულში აკეთებდა, ოპერაციის ფარგლებში სახელწოდებით „რკინის მუშტი“, თავის ქალა გაუხეთქეს და დღევანდელი მოვლენებიც იმავე შედეგამდე მიგვიყვანს.

შესაბამისად, უნდა მომზადდეს ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა. ასევე, გაიცა შესაბამისი მითითებები საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“, — განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

სატელეფონო საუბარი შედგა აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მომხდარის გამო აბას არაღჩიმ შეშფოთება და გამოძიების დაუყოვნებლივი დაწყების შესახებ მზაობა გამოთქვა. მოგვიანებით თეირანმა განაცხადა, რომ ირანს არ გაუშვია დრონი ნახჭევანის მიმართულებით.

პასუხმა არ დააყოვნა ბაქოდანაც. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ირანული მხარე სიცრუეში დაადანაშაულა და კვლავ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება, რომ ისინი პატივს სცემენ ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით მუსულმანური და მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს და, ამავდროულად, აზერბაიჯანზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმების უარყოფა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება მისაღებად.

ტექნიკური საშუალებების მეშვეობით დამტკიცდა, რომ 4 უპილოტო საფრენი აპარატი ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ მიმართული იყო ნახჭევანის რაიონის მიმართულებით, თავდასხმების მოსაწყობად...

აღნიშნულის გათვალისწინებით, ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ აშკარა უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და უზრუნველყოფენ, რომ პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ ირანის შესაბამისი ორგანოების მიერ“, — ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარით უკიდურესად შეშფოთებულია აზერბაიჯანის დიდი ხნის მტკიცე მოკავშირე თურქეთი. ანკარა აცხადებს, რომ „როგორც ყოველთვის, მომავალშიც განაგრძობს ბაქოს მხარდაჭერას“.

5 მარტს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ნახჭევანის საერთაშორისო აეროპორტს ირანულმა დრონმა დაარტყა, კიდევ ორი უპილოტო საფრენი აპარატი კი სოფელ შაკარაბადში მდებარე სკოლასთან ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, 4 სამოქალაქო პირი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით ილჰამ ალიევის მკაცრი რიტორიკა და მტკიცე პოზიცია ჰგავს 2024 წლის დეკემბერში აზერბაიჯანული ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებისას გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ღიად დაადანაშაულა რუსეთი.

5 მარტს გაკეთებული განცხადებისას ილჰამ ალიევი თავის სიტყვაში უფრო შორს წავიდა და გაიხსენა წარსულში მომხდარი რამდენიმე ინციდენტი, რომელიც, მისი თქმით, ირანის მიერ იყო ორგანიზებული აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ.

ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, თეირანმა იცის, რომ ბაქო არის „იმედის წყარო ირანში მცხოვრები ბევრი აზერბაიჯანელისთვის“.

მანვე თქვა, რომ მიუხედავად ამჟამად არსებული დაძაბული ურთიერთობისა, ბაქო არც ახლა მონაწილეობს და არც მომავალში აპირებს თეირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას, რადგან, ილჰამ ალიევის სიტყვებით, აზერბაიჯანს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა სურს.

Related news
„უმჯობესია, არ გამოცადონ ჩვენი ძალა“, - აზერბაიჯანის პრეზიდენტი თეირანს აფრთხილებს ნახჭევანის აეროპორტზე დრონებით თავდასხმის შემდეგ, ბაქო თეირანს მკაცრი პასუხის შესახებ აფრთხილებს