თეთრ სახლში სჯერათ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარღვევას მიაღწიეს. „შედეგთან ასე ახლოს ჯერ არ ვმდგარვართ” – თვლიან ამერიკელები და ეს ყველაფერი ბერლინში შემდგარი შეხვედრის შემდეგ. იქ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, უკრაინულმა დელეგაციამ და ევროპელმა ლიდერებმა შეათანხმეს უსაფრთხოების გარანტიები კიევისთვის, რომლებიც ნატოს მე-5 მუხლს ემყარება.
შეთანხმების დეტალები უცნობია, თუმცა მისი სერიოზულობის შესახებ ისიც მეტყველებს, რომ ამ გარანტიებით შეიარაღებული კიევი ნატოზე უარისთვისაც მზადაა. ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით პრესასთან ისიც აღნიშნა, რომ გადაჭრილია პრობლემების 90%, რომლებიც აქამდე მშვიდობას უშლიდა ხელს. შეხვედრა პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა შეაჯამა, თუმცა ვაშინგტონიდან. ევროპელ კოლეგებს უახლოეს დღეებში სავარაუდოდ უკვე თავადაც მაიამიში შეხვდება.
„შედეგს ვუახლოვდებით, იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მიუხედავად ტრიუმფალური განწყობებისა, ომი გრძელდება და ბურთი კვლავ კრემლის მოედანზეა. მნიშვნელოვანი სწორედ მოსკოვის განწყობაა, სადაც უკვე მერამდენედ რედაქტირებულ ტექსტს ისევ გაგზავნიან. ჯერჯერობით მოსკოვში ამბობენ, რომ არ აქვთ წარმოდგენა იმ შეთანხმებაზე, რასაც ბერლინში მიაღწიეს და ოფიციალური დოკუმენტი მათთვის არავის გაუგზავნია. თუ რამე იციან, მხოლოდ მედიიდან და ამაზე კომენტირებაც არ სურთ. მანამდე კი იყო მინიშნება, რომ თუ ტექსტში იქნება შესწორება, კრემლი შეეწინააღმდეგება, რადგან მათთვის სასარგებლოს რედაქტორებისგან არაფერს ელიან. მთავარი პრიორიტეტები ცნობილია – დონბასზე კონტროლი, ნატოზე უარი, უკრაინული არმიის შეზღუდვა და ბევრი სხვა. ამის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ მიანიშნა კრემლის მთავარმა სპიკერმაც.
„ჩვენ ჯერჯერობით ვნახეთ საგაზეთო პუბლიკაციები. საგაზეთო პუბლიკაციებზე რეაგირება არ გვექნება. რაიმე ტექსტი ჯერ არ გვინახავს, როცა ვნახავთ, გავაკეთებთ უკვე მის ანალიზსაც. თუ უკრაინელებში დომინირებს სურვილი, შეცვალონ მომგებიანი შეთანხმება წუთიერი, სიცოცხლისუუნარო გადაწყვეტილებებით – ჩვენ არ მგონია, შევძლოთ ამაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ გვსურს მშვიდობა და არა ზავი, რათა უკრაინას ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს, რომ ომის გასაგრძელებლად მოემზადოს. გვსურს, დავასრულოთ ეს ომი, მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, უზრუნველვყოთ ჩვენი ინტერესები, ეს მშვიდობის გარანტიაა ევროპაში”, – აღნიშნა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
თურქული მედიის ცნობით, ფიქრობენ, რომ რუსული მხარე ხერსონსა და ზაპოროჟიეში კონტაქტის ხაზზე დარჩენას შეიძლება დასთანხმდეს და ამ რეგიონების სრული გადაცემის მოთხოვნაზეც უარი თქვას. თუმცა ვლადიმერ პუტინს თვალი დონბასზე უჭირავს და უკან დახევას არ აპირებს. სწორედ ამიტომ ბერლინში შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ღიად თქვა, რომ მიუხედავად პროგრესისა, დოკუმენტის ტერიტორიული ნაწილები მათთვის მიუღებელია. ზელენსკი იმედოვნებს, რომ კომპრომისული ვერსიის პოვნაში აშშ დაეხმარება. ამჟამად პრეზიდენტმა გამორიცხა რაიმე სახის კომპრომისი ამ მიმართულებით.
„რა თქმა უნდა, ყველა ასპექტი არ არის მარტივი. არსებობს რთული საკითხები, განსაკუთრებით ის თემები, რომლებიც ტერიტორიებს ეხება. უდავოა, რომ ამ თემას წამოჭრიან. მნიშვნელოვანია, ყველამ ვიმუშაოთ, რათა ასეთი საკითხები სამართლიანი იყოს. ტერიტორიების შესახებ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. გულწრფელად გეტყვით, რომ ჯერჯერობით განსხვავებული აზრი გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამერიკელმა კოლეგებმა მოისმინეს ჩემი პირადი პოზიცია. მოხარული ვარ, რომ შევძელი პირადად გადამეცა ეს მათთვის.
ზოგიერთი რამ, ჩემი აზრით, დამანგრეველია და ნამდვილად ვერ დაგვეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ დღეს დოკუმენტების ახალ ვერსიაში ეს საკითხები აღარ არის. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ღირსება ყველაზე მთავარია. დათმობის თემა აღარ არის აქტუალური. მე არ მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რამეს მოითხოვდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენ მისი სტრატეგიული პარტნიორები ვართ. სწორედ ამიტომ ვიტყოდი ასე: ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოვისმინეთ რუსეთის ხედვის შესახებ, ანუ ის, რასაც რუსეთი ტერიტორიებთან დაკავშირებით ითხოვს. ეს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნაა. სწორედ ამიტომ შეერთებულ შტატებს ვერაფერს მოვკითხავდი. მე მხოლოდ ვთხოვე ამერიკელ კოლეგებს, რომ ჩვენი პოზიციები გაეცნოთ რუსებისთვის“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
We continue the second day of intensive diplomacy in Berlin. Thank you to everyone who stands with Ukraine! pic.twitter.com/nSOISLDrdS
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 15, 2025
ამერიკელი და ევროპელი ლიდერების მასპინძელი ქვეყნის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი თვლის, რომ ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე დროულად უნდა შეჯერდეს, რათა რეპუტაცია გადაირჩინოს. ამ საკითხზე ევროპელებმა უკვე იმსჯელეს და ბელგიის წინააღმდეგობის გადასაჭრელად მუშაობასაც აგრძელებენ. თავად გერმანელი კანცლერი კი ხელშესახებად მიიჩნევს ბერლინში მიღწეულ შედეგს, თუმცა იურიდიული გარანტიების აუცილებლობაზე საუბრობს. სხვები, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპიდან რუსეთზე საუბრისას სიფრთხილეს ინარჩუნებენ. ამაზე აღმოსავლეთის ფლანგის შეხვედრაზე ისაუბრეს ჰელსინკიში – შვედეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთისა და პოლონეთის შემადგენლობით.
„არ მსურს ბერლინში მიღწეული კარგი ატმოსფეროსა და განწყობების გაფუჭება, მე მაინც ფრთხილი ოპტიმისტი ვარ, ალბათ უფრო ფრთხილი, ვიდრე ოპტიმისტი. რუსების პირველი რეაქციები შეიძლება ითქვას, რომ დამთრგუნველია. ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ბერლინში მიაღწიეს, არის ის, რომ საბოლოოდ აშშ, ევროპა და უკრაინა მაგიდის ერთ მხარეს სხედან – თუ შენ გსურს, მიღწიო რამეს რუსეთთან, ერთადერთი გზა არის უბიძგო მას ერთობითა და მიზანდასახულობით დასავლეთში. მე მათ ვიცნობ, ეს ერთადერთი გზაა”, – აღნიშნა ჰელსინკიში პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა.
For the first time since the war began, a ceasefire now seems possible.
We want to move along the path to peace together with the Ukrainians, our European partners, and the United States.
I believe that today, in Berlin, we are taking an important step forward on that path.
— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) December 15, 2025
„ის, რაც შეერთებულმა შტატებმა ბერლინში იურიდიული და მატერიალური გარანტიების კუთხით წარადგინა, ნამდვილად შესანიშნავია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა. მე ამას დადებითად ვაფასებ. მეორე მხრივ, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვით, ცეცხლი უნდა შეწყდეს შეერთებული შტატებისა და ევროპელების მხრიდან მნიშვნელოვანი იურიდიული და მატერიალური უსაფრთხოების გარანტიებით. ეს არის ფართომასშტაბიანი, მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც აქამდე არ გვქონია. ევროპელებიც და ამერიკელებიც მზად არიან ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსი მექანიზმით უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები. სწორედ ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია. როგორც აღვნიშნეთ ამერიკულმა მხარემ პოლიტიკურად და იურიდიულადაც აიღო ვალდებულება, რომ ეს შეასრულოს”, – ამბობს ფრიდრიხ მერცი.
აშშ-სა და ევროპის მიერ კიევისთვის მინიჭებული უსაფრთხოების გარანტიები სენატში უნდა განიხილონ, თუმცა არ დაზუსტებულა, ექნება თუ არა რატიფიცირებისთვის გამზადებული შეთანხმების სახე, რომელსაც პალატის 2/3-ის თანხმობა სჭირდება. მანამდე კი 20-პუნქტიან დოკუმენტში სხვა სადავო საკითხებია განსახილველი, რომლებმაც 4-წლიანი ომი უნდა დაასრულოს.

