სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივანთა მიმართ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლები დაირღვა და სახელმწიფოს 2019 წლის 20-21 ივლისის აქციაზე დაშავებულთათვის ასობით ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფომ მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის მომჩივანთაგან ორს – თითოეულს 75 000 ევრო უნდა გადაუხადოს. ორსაც, ასევე თითოულს, 85 000. დარჩენილ 22 მომჩივანს კი, ევროსასამართლოს თანახმად, ერთობლივად 38 414 ევრო უნდა აუნაზღაურდეს.
მუხლები, რომელთა დარღვევაც სასამართლომ დაადგინა, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყობის აკრძალვას, გამოხატვის თავისუფლებას, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს გულისხმობს.
„მიუხედავად იმისა, რომ შემდგომი გამოძიება ხუთწელიწად-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, მას მაინც არ მოჰყოლია ყველა გარემოების საფუძვლიანი შეფასება, არც განმცხადებლების მიმართ არასათანადო მოპყრობის ან იმ სახელმწიფო მოხელეების ვინაობის შესახებ დასკვნების გამოტანა, რომლებმაც გამოიყენეს, ან ბრძანეს გადაჭარბებული ძალის გამოყენება”, – ვკითხულობთ ევროსასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში.
ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ მომჩივნთა დაზიანებები მათი ქცევის გარდაუვალი შედეგი იყო. როგორც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, „მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არსებობდეს გარკვეული გამართლება დემონსტრაციის დაშლის სურვილისთვის – იმის გათვალისწინებით, რომ ის პარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარეობდა და ზოგიერთ მომიტინგეს შენობაში შტურმით შეჭრა სურდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაშლის გზა გამართლებული არ იყო.“
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. უწყების განცხადების მიხედვით, „დღევანდელი გადაწყვეტილებით დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმასა და შტურმს.“
განცხადებაში ვკითხულობთ იმასაც, რომ ევროპული სასამართლოს ადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა და სპეციალური საშუალებები იმ დემონსტრანტებისადმი უნდა ყოფილიყო მიმართული, რომელთა ქმედებაც ძალადობრივი იყო.
„შესაბამისად, იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო ამ სტანდარტის დაცვა და პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ, დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევა“, – ამბობენ იუსტიციის სამინისტროში.
გადაწყვეტილებას ეხმიანება გიორგი გახარიას პარტიაც. პარტიის განხადებით, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია და რომ ეს ყოფილი პრემიერის მიმართ პოლიტიკური დევნა და დანაშაულის რეალური ავტორებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მცდელობაა. პარტიის შეფასებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება “განაჩენია რეალური დამნაშავებიისთვის.”
ამავდროულად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ “ქართულ ოცნებაშიც.


