უკრაინაში რუსული აგრესიის დასრულებისკენ მომართული დიპლომატიური არხები ინტენსიურად მუშაობენ. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სამშვიდობო გეგმა არაოფიციალური წყაროებით გასაჯაროვდა – პროცესები კიდევ უფრო აქტიური გახდა.
პარიზში ჩასული ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგ კოლეგასთან ერთად დღეს, 1-ელ დეკემბერს, აჯამებდა სწორედ იმ დეტალებს, რომლებიც გასული დღეების განმავლობაში სამშვიდობო პროცესის ირგვლივ გამოიკვეთა. ზელენსკი და მაკრონი დიდი ბრიტანეთის პრემიერთან ერთად ტელეფონზე ესაუბრნენ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფს – შეთანხმდნენ, რომ დეტალებს უკვე პირადად შეაჯერებდნენ. ამ საქმეში უკრაინასა და ევროპას საერთო ინტერესი აქვთ – ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა კონტინენტზე, რომელიც რუსეთს დიდი ხნით შეაჩერებს.
„ემანუელ მაკრონსა და კირ სტარმერთან ერთად ახლახან ვესაუბრეთ რუსტემ უმეროვსა და სტივენ უიტკოფს ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ. მნიშვნელოვანი შეჯამება იყო. შევთანხმდით, რომ უფრო მეტ დეტალს პირადად განვიხილავთ, ჯგუფები გრაფიკებს ათანხმებენ შესაძლო სამომავლო კონტაქტებისთვის”, – წერს „ტელეგრამის” გვერდზე უკრაინის პრეზიდენტი.
პარიზამდე კი იყო ფლორიდა, სადაც უკრაინის დელეგაცია ამერიკულ მხარეს უქმეებზე შეხვდა. მხარეებს მინიშნებები არ გაუკეთებიათ იმაზე, თუ რა იყო პროგრესი, რომელზეც შეხვედრის დასრულების შემდეგ ასე აქტიურად საუბრობდნენ. ეს არც დონალდ ტრამპს გაუკეთებია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. საგულისხმო იყო მისი განცხადება უკრაინაში მიმდინარე კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებითაც. კითხვას, უშლის თუ არა ეს ხელს სამშვიდობო პროცესს – არ ჩაღრმავებია, თუმცა აქცენტი მაინც დასვა.
„დელეგაციები ერთმანეთს კარგად უგებენ, ჩვენ გვსურს ადამიანების კვლა დასრულდეს. არსებობს კარგი შანსი, რომ ამ შეთანხმებას მივაღწიოთ. ეს ჩვენ ნაკლებად გვეხება, მაგრამ მე ეს მსურს. მხოლოდ გასულ თვეს 27 000 ადამიანი მოკვდა ამ ომში, ეს არ მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს სულელური ომია, რომელიც უნდა დასრულდეს. ამასთან უკრაინას აქვს რთული პრობლემები, კორუფცია ამ საქმეს არ ეხმარება, მაგრამ რუსეთს სურს, ეს ომი დასრულდეს და ვიცი, ეს უკრაინასაც სურს. ვადები არ მაქვს, ვადა იქნება ის, როდესაც ომი დასრულდება”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს, რომელსაც ომის სწრაფად დასრულება სურს, კორუფციაზე მინიშნებები შემთხვევით არ გაუკეთებია. სულ ახლახან, გამოძიების ფარგლებში თანამდებობა დატოვა ვოლოდიმირ ზელენსკის მარჯვენა ხელმა და ბევრის აზრით გავლენით „მეორე ადამიანმა”, ანდრიი ერმაკმა. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი სწორედ ამ მიზეზით არ იმყოფებოდა ფლორიდის მოლაპარაკებებზე, ის შეცვალა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა, რომელიც ამ დრომდე აშშ-ში რჩება. ამერიკულ მხარეს კი წარმოადგენს ცნობილი შემადგენლობა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან – სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. აშშ ცდილობს, რეალისტური მიდგომები შეინარჩუნოს, თუმცა არც ოპტიმიზმს კარგავს. დეკლარირებული მიზანი ისაა, რომ საბოლოო ხელშეკრულებით უკრაინა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა დარჩეს – კეთილდღეობის შესაძლებლობით.
კიევში თვლიან, რომ აშშ-ს მათი კარგად ესმით და მხარსაც უჭერენ. მას შემდეგ, რაც აშშ-ის თავდაპირველი გეგმა რუსეთის სასარგებლოდ მიიჩნიეს და მწვავედ გააკრიტიკეს, მან ზომა შეიცვალა და მასთან ერთად ფორმულირებებიც, თუმცა უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად. ახლა კითხვა იმაშია, მიიღებს თუ არა ამ გეგმას ამ სახით უკვე კრემლი, რომელსაც მისი თავდაპირველი ვერსია უფრო მოსწონდა. ამას პირველი სტივენ ვიტკოფი გაიგებს, რომელსაც ხვალ მოსკოვისკენ აქვს გეზი, უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის შემდეგ ის მეორეა, ვისაც რუსეთის პრეზიდენტი ბოლო დღეებში მასპინძლობს.
უკრაინის უპირობო მხარდამჭერი ევროკავშირი დღეს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების შეხვედრას სწორედ უკრაინაზე სამსჯელოდ მართავდა, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ერთად. ბრიუსელში იციან, რომ საკუთარი თავდაცვითი ხარჯების გაზრდაც რუსეთის შეკავების ერთ-ერთი გზაა. ქვეყნის, რომელიც ბოლო დროის ყველა დოკუმენტში კონტინენტისთვის მთავარ საფრთხედაა იდენტიფიცირებული. თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს კაია კალასმა უპასუხა, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ მოსკოვს რომელიმე ხელშეკრულება დიდი ხნით შეაჩერებს. ევროპაში გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების საქმეში ევროპა მსოფლიოს საკუთარ მიდგომებს კარნახობს. მიუხედავად ბელგიის წინააღმდეგობებისა, კონსენსუსზე მუშაობა გრძელდება.
„ეს მოსკოვთან მიმართებით ევროპულ პოზიციას აშკარად გააძლიერებს – ნათელია, რომ რუსეთს რეპარაცია მართებს უკრაინის მიმართ იმ ზიანის გამო, რაც ქვეყანას მიაყენა. რეპარაციული სესხი გაყინული აქტივების გამოყენებით არის სწორი საფუძველი ამისთვის. ვშიშობ, ახლა ზეწოლა მსხვერპლზე მოხდება, რადგან უკრაინის მხრიდან დანებება ომის დასრულების მარტივი გზაა, მაგრამ ეს არავის ინტერესში არ არის, პირველ რიგში, კი გლობალური უსაფრთხოების ინტერესში, რადგან გაეროს ქარტია ამბობს, რომ საზღვრების ძალით შეცვლა დაუშვებელია და თუ ეს მოხდა, ამგვარ სცენარს სხვაგანაც ვიხილავთ. მშვიდობის მისაღებად არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ეს ომი რუსეთმა დაიწყო და მას სწორედ ის აგრძელებს. ყოველდღიურად უტევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რათა მეტი ზიანი გამოიწვიოს. ჩვენი მიზანია ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც ახალ ომამდე არ მიგვიყვანს, მინისტრები შევთანხმდით, უკრაინის დაფინანსების საკითხზე. უფრო ძლიერი უკრაინა პუტინის ომის მალე დასრულების გარანტიაა. კორუფციას რაც შეეხება – ეს გამოძიება აჩვენებს, რომ უკრაინაში ანტიკორუფციული ორგანოები მუშაობენ”, – აღნიშნა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდები დამატებით 250 მილიონ ევროს გამოყოფს ნატოს გავლით უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მისაწოდებლად. ამის პარალელურად ომი უკრაინაში გრძელდება, რუსული დრონების სამიზნე
იყო დნეპრი, სადაც მოკლულია 4, დაჭრილია 40 ადამიანი. ღამით თავდასხმა იყო კიევზეც, სამიზნე კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა – დარტყმას მოჰყვა მსხვერპლიც, დაიჭრა 10-ზე მეტია ადამიანი.

