კატეგორიები

აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი ტალღა დაიწყეს

აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი ტალღა დაიწყეს

„ჩვენ დავარტყამთ ისეთი ძალით, რომლის მსგავსიც არასდროს უნახავთ“, — დონალდ ტრამპის ამ განცხადების შემდეგ ირანის მიმართულებით ამერიკული საჰაერო იერიშების ახალი ტალღა დაიწყო.

1-ელი მარტის დილიდან აფეთქებებია თეირანში — მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათი სამიზნე ირანის დედაქალაქის ცენტრი გახდა. ისლამური რესპუბლიკის ამ ნაწილშია განთავსებული ძალოვანი სტრუქტურებისა და სახელმწიფო მაუწყებლის შენობები.

ვაშინგტონისა და თელ-ავივის განცხადებების შემდეგ, რომ ბოლომდე გეგმავენ სამხედრო ოპერაციის დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევას, თეირანის თავზე სულ უფრო ხშირად ჩნდება საჰაერო იერიშებისგან გამოწვეული შავი ღრუბლები. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც, მათი ინფორმაციით, ასახულია დარტყმები ირანის ისლამური რესპუბლიკის სტრატეგიულ ობიექტებზე.

ისრაელ-ამერიკული ერთობლივი ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.

ირანის ისლამური რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა დაგმეს თეირანის სარაკეტო იერიშები სპარსეთის ყურის სახელმწიფოების წინააღმდეგ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პლატფორმიდან გაიხსენეს ირანული მხარის ყველა ის ქმედება, რომელმაც ახლო აღმოსავლეთი მორიგ ჯერზე, თუმცა ამჯერად გაცილებით მასშტაბური სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე მიიყვანა.

„დიპლომატია ვერ მიაღწევს წარმატებას იქ, სადაც არ არის აგრესიის შეწყვეტის ნამდვილი სურვილი, სადაც არ არსებობს მშვიდობის ნამდვილი პარტნიორი.

ირონიულია, რომ იგივე რეჟიმი ეცდება მორალის წაკითხვას ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე. მისი აქ, ამ საბჭოში ყოფნა ამ ორგანოს დაცინვაა. მაგრამ იქ, სადაც გაეროს მორალური სიცხადე აკლია, ამერიკის შეერთებული შტატები მას შეინარჩუნებს… ისტორიამ გვასწავლა, რომ უმოქმედობის ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე გადამწყვეტი მოქმედების ტვირთი. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს ეს გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა...

ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც მოითხოვს მორალურ სიცხადეს და პრეზიდენტმა ტრამპმა ამ გამოწვევას უპასუხა.

ნებისმიერი სუვერენული ხელისუფლების უპირველესი, ფუნდამენტური მოვალეობა საკუთარი ხალხის დაცვაა. ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ მიმართულია კონკრეტული და სტრატეგიული მიზნებისკენ — რათა დაიშალოს ის სარაკეტო შესაძლებლობები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოკავშირეებს; შესუსტდეს ის საზღვაო აქტივები, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო წყლების დესტაბილიზაციისთვის; დაირღვეს ის მექანიზმები, რომლებიც შეიარაღებას აწვდიან მარიონეტულ ძალებს, და უზრუნველყოფილ იქნას, რომ ირანის რეჟიმმა არასდროს შეძლოს მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქროს.

როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, ათწლეულების განმავლობაში ირანის რეჟიმი განზრახ ახდენდა მსოფლიოს დესტაბილიზაციას. მან მოკლა ამერიკელი სამხედროები და მოქალაქეები, დაემუქრა რეგიონულ მოკავშირეებს და საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოებას, რომლებზეც მსოფლიოა დამოკიდებული...

არცერთ პასუხისმგებლიან სახელმწიფოს არ შეუძლია უგულებელყოს მუდმივი აგრესია და ძალადობა. თეირანის რეჟიმმა ხელმძღვანელობა გაუწია თავდასხმებს, რომლებმაც ამერიკელთა სიცოცხლე შეიწირა — ლიბანში ასობით აშშ-ის საზღვაო ქვეითი, ერაყში ათასობით სამხედრო; არაერთი ამერიკელი მძევალი იტანჯა, ხოლო წითელ ზღვაში ხომალდებზე ათეულობით თავდასხმა განხორციელდა.

საერთაშორისო საზოგადოებამ დიდი ხანია დაადასტურა მარტივი და აუცილებელი პრინციპი — ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, — განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა.

„ისრაელის და ამერიკის დროშები გზებზე იყო დახატული, რათა მათი გათელვა შეძლებოდათ. ჩვენი დროშები ცენტრალურ მოედნებზე დაწვეს. ეს არის რადიკალური დაჯგუფების რისხვა. ეს არის სახელმწიფოს მიერ ნებადართული სიძულვილი.

ვიდრე ისინი გაჰკიოდნენ — „სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს!“ — ისინი თან ამდიდრებდნენ ურანს. ბირთვული ობიექტები ღრმად იყო დამარხული მიწისქვეშ. ეს არასდროს ყოფილა მხოლოდ ცარიელი განცხადებები — ეს იყო მოქმედებისთვის მზადება. დღეს კი, ჩვენს მოკავშირე შეერთებულ შტატებთან ერთად, ვმოქმედებთ ამის შესაჩერებლად.

ჩვენ არ გვიმოქმედია იმპულსურად, არ ვმოქმედებდით აგრესიით. ჩვენ ვმოქმედებდით საჭიროებიდან გამომდინარე“, — განაცხადა გაეროში ისრაელის ელჩმა, დანი დანონმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ირანის ელჩმა, ამის საიდ ირავანმა, ისრაელი და აშშ-ის დიპლომატები საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და გაეროს წესდების დარღვევაში დაადანაშაულა:

„საბჭოს წინაშე არსებული საკითხი საკმაოდ მარტივია: შეუძლია თუ არა რომელიმე წევრ სახელმწიფოს, მათ შორის ამ საბჭოს მუდმივ წევრს, ძალის, იძულების ან აგრესიის გამოყენებით განსაზღვროს სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური მომავალი ან დააწესოს კონტროლი მის საქმეებზე.

საერთაშორისო სამართალი და ქარტია ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახად არის ჩამოყალიბებული. ქარტიის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი კატეგორიულად კრძალავს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას“.

კონფლიქტში ჩართულ სახელმწიფოებს კვლავ დიპლომატიისკენ მოუწოდა გაეროს გენერალურმა მდივანმა:

„სამხედრო მოქმედება საფრთხეს უქმნის მოვლენათა ჯაჭვის გაჩაღებას, რომლის კონტროლიც მსოფლიოს ყველაზე არასტაბილურ რეგიონში არავის შეუძლია. მოდით, ნათლად განვაცხადო — საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებას სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა არ აქვს.

ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი, მათ შორის ნამდვილი დიალოგითა და მოლაპარაკებებით“, — განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.

ირანის სარაკეტო იერიშები არ შემწყდარა სპარსეთის ყურის რამდენიმე სახელმწიფოში, სადაც, ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა, სამიზნედ იქცა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის დუბაის საერთაშორისო აეროპორტი.

თეირანის აგრესიულ ქმედებებს ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები აფასებენ როგორც თავდასხმას მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, რასაც, მათივე თქმით, შესაბამისი პასუხი მოჰყვება.

„ჩემი ქვეყანა, რომელიც მშვიდობისა და თანაცხოვრების ჩემპიონია, არასდროს ელოდა, რომ ყოველგვარი გამართლების გარეშე გახდებოდა უმიზეზო აგრესიის სამიზნე.

ბაჰრეინის სამეფოს მთავრობის სახელით, ჩემი ქვეყანა მკაცრად გმობს მის ტერიტორიაზე არსებულ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებსა და საცხოვრებელ უბნებზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს. შაბათს ისინი განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ“, — განაცხადა გაეროში ბაჰრეინის სამეფოს ელჩმა, ჯამალ ფალეს ალ-რუვაივემ.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელ-ამერიკის ერთობლივი სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ პარიზი ინფორმირებული არ ყოფილა და არც რაიმე ფორმით მიუღია მონაწილეობა ამ ოპერაციაში. თუმცა ემანუელ მაკრონმა დასძინა, რომ მზად არის, მოთხოვნის შემთხვევაში, დაეხმაროს რეგიონში მყოფ მოკავშირეებს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი, ცხადია, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაა ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც დღეს დაზარალებულია. შემდეგ კი — ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური ობიექტების უსაფრთხოება ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც შესაძლოა დაუცველი იყოს. ასევე, რა თქმა უნდა, ეროვნული ტერიტორიის უსაფრთხოება.

მეორე მხრივ, ეს ნიშნავს, რომ უნდა დავდგეთ ყველა იმ ქვეყნის გვერდით, რომელიც ამჟამად დაზარალებულია ირანის პასუხით ან საფრთხე შეექმნა მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ვიმედოვნებ, შევძლებთ ყველა სასარგებლო ინიციატივის სისრულეში მოყვანას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დიპლომატიურმა საქმიანობამ დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი“.

სამხედრო ოპერაციის დაწყებას იძულებით ნაბიჯად მიიჩნევს კანადის პრემიერ-მინისტრი. მარკ კარნის თქმით, ირანის ქმედებების გამო დიპლომატიური რესურსი ამოიწურა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა მთელს ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა. მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ და არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის მიღების ან განვითარების უფლება.

კანადა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ ირანის რეჟიმს, შეეწყვიტა ბირთვული პროგრამა, მათ შორის კანანასკისში გამართულ G7-ის სამიტზე.

ჩვენ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოვაცხადეთ და, მრავალი დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ირანმა არც სრულად გააუქმა თავისი ბირთვული პროგრამა, არც შეაჩერა ურანის გამდიდრების აქტივობა და არც დაასრულა რეგიონში ტერორისტული, მარიონეტული დაჯგუფებების მხარდაჭერა“.

თურქეთის პრეზიდენტი შიშობს, რომ ვაშინგტონისა და თელ-ავივის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია შესაძლოა ბევრად უფრო დიდ მასშტაბებში გადაიზარდოს და ფართო რეგიონი მოიცვას. ამიტომ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ახლა საჭიროა, ყველა მხარემ ვითარება გონივრულად განსაჯოს.

ცნობილია, რომ ნატოს წევრი ანკარა ეწინააღმდეგება ახლო აღმოსავლეთში ისრაელის მიერ წარმოებულ პოლიტიკას.

„თუ საღი აზრი და გონიერება არ გაიმარჯვებს და თუ დიპლომატიას სივრცე არ მიეცემა, ჩვენი რეგიონი ცეცხლის ქარიშხალში აღმოჩნდება. ეს არ უნდა დავუშვათ. ომის შემდგომი ესკალაციისა და სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად და, ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენმა რეგიონმა კიდევ უფრო დიდი ტანჯვა განიცადოს, ყველა მოთამაშემ, განსაკუთრებით ისლამურმა სამყარომ, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს“, — განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

28 თებერვალი — 1-ელი მარტის ღამის განმავლობაში პერიოდული თავდასხმების სამიზნე იყო ისრაელის ქალაქები. საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა თელ-ავივში, სადაც „რკინის გუმბათის“ თავდაცვის სისტემამ შეძლო ირანული რაკეტების უმრავლესობის შეკავება, თუმცა რამდენიმე მაინც ჩამოვარდა ქალაქის საცხოვრებელ დასახლებაში. შედეგად გაჩნდა ხანძარი და არიან დაშავებულებიც.

იერიშების სამიზნედ იქცა ქალაქი იერუსალიმიც.

Related news
აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი ტალღა დაიწყეს ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციას მსოფლიო მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა