ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ისრაელსა და ესპანეთს შორის გარკვეული დიპლომატიური უთანხმოების მიზეზი გახდა.
მადრიდი მკაცრად აკრიტიკებს ვაშინგტონისა და თელ-ავივის ერთობლივ ოპერაციას, რომელიც, მისი თქმით, შეუთანხმებელი იყო კონგრესთან და გაეროს უშიშროების საბჭოსთან.
სპარსეთის ყურეში საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველივე საათებიდან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებდა, რომ მსგავსი პროცესები „ხელს უწყობს უფრო გაურკვეველ და მტრულ საერთაშორისო წესრიგს“.
„დღეს, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ შეიძლება იყო სიძულვილით აღსავსე, მაგალითად, ირანული რეჟიმის წინააღმდეგი, როგორც მთელი ესპანური საზოგადოებაა, და, ამავდროულად, იყო გაუმართლებელი, სახიფათო სამხედრო ჩარევის წინააღმდეგიც, რომელიც საერთაშორისო სამართალს სცდება.
უნდა იყო წინააღმდეგი ომის, რომელიც დაწყებულია შეერთებული შტატების კონგრესისა და გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე და რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, არღვევს საერთაშორისო სამართალს.
ყოველთვის არსებობს მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა, ნაცვლად იმისა, რომ იარაღით ჩავებათ პროცესებში.
სწორედ ამიტომ, როგორც ეს თავიდანვე გავაკეთეთ, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მხარეებს დაუყოვნებლივი დეესკალაციისა და საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემისკენ ყველა იმ კონფლიქტში, რომელსაც, სამწუხაროდ, განვიცდით, ასევე დიალოგის რაც შეიძლება მალე განახლების აუცილებლობისკენ.
სწორედ ამისკენაა მიდრეკილი ესპანეთი და, ვთვლი, რომ ამავე აზრზე უნდა იყოს მთელი ევროკავშირი“, — განაცხადა პედრო სანჩესმა.
ესპანეთის ხელისუფლების თანახმად, ძალადობრივი გზით ვერც მშვიდობა დამყარდება, ვერც დემოკრატია და ვერც სტაბილურობა.
მადრიდის პოზიციას თელ-ავივიდან უპასუხეს. ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ესპანეთი „მსოფლიო ტირანებს“ უჭერს მხარს.
მათივე თქმით, ვაშინგტონთან წარმოებული ერთობლივი სამხედრო ოპერაციის მიზანია „ისლამური რეჟიმის შესუსტება“ და ირანელი ხალხისთვის თავისუფალი პირობების უზრუნველყოფა — არა გარედან თავს მოხვეული ახალი მმართველობის დანიშვნის, არამედ მათთვის თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების გზით.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა ირიბად გააკრიტიკა ევროპული სახელმწიფოებიც, რომლებსაც, მისი თქმით, „არ აქვთ ერთიანი ხედვა“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ისრაელელ დიპლომატს არ ეთანხმება ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, რომლის თქმითაც, ევროკავშირს საკმაოდ მკაფიო პოზიცია გააჩნია.
მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ზაგრები მზად არის დაეხმაროს მეზობელ სახელმწიფოებს, თუკი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ფართომასშტაბიანი კონფლიქტით გამოწვეული ეკონომიკური არასტაბილურობა მათ ტვირთად დააწვებათ.
