პაკისტანის სამხრეთ საპორტო ქალაქ კარაჩიში აშშ-ის საკონსულოს შენობაზე ასობით დემონსტრანტის შეჭრას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, დაიღუპა.
შეტაკებების შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტები დაშალეს და განაცხადეს, რომ ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ ათასობით ადამიანი ქუჩებში გავიდა. დემონსტრაციებში შიიტი მუსლიმები მონაწილეობდნენ.
„ის ფაქტი, რომ 85 წლის კაცმა მსოფლიოს სუპერსახელმწიფოს შიში ჩაუნერგა, უკვე ბევრს ნიშნავს. ისიც, რომ 85 წლის ასაკში აშშ-ს მისი დაბომბვა დასჭირდა, აჩვენებს, როგორი სიმამაცე და ავტორიტეტი ჰქონდა ამ მსოფლიო ლიდერს. ის მხოლოდ შიიტური ან მუსლიმური ფრთის ლიდერი არ იყო. ჩემი აზრით, იგი იყო ყველა იმ ადამიანის ლიდერი, რომელიც აშშ-ის იმპერიალიზმსა და მის ბატონობას უპირისპირდებოდა“ - ამბობს დემონსტრანტი ალი საფუდინი.
„ხამენეი ჩვენი საყვარელი ლიდერი იყო. მას საკუთარ გარემოცვაში მყოფებმა და საუდის არაბეთის, ქუვეითისა და ბაჰრეინის მმართველმა სამეფო ოჯახებმა უღალატეს. იგი უსამართლოდ და უმოწყალოდ მოკლეს. ის მთელი მუსლიმური ერის ლიდერი იყო” - ამბობს დემონსტრანტი ალი მუჰამადი.
აქციები რეგიონის სხვადასხვა ნაწილში ჩატარდა. დემონსტრანტებს ხამენეის პორტრეტები ეჭირათ ხელში და მისი მხარდამჭერი ლოზუნგებით გამოდიოდნენ.
ნიუ-იორკის „თაიმს სქვერზე“ გამართულ აქციაზე დემონსტრანტებმა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე ავიაიერიშების მიტანა გააპროტესტეს.
„ეს არის პროტესტი ირანთან ტრამპის არალეგალური და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება ფართო რეგიონულ ომში გადაიზარდოს და შეერთებული შტატები კიდევ ერთ უსასრულო ომში ჩაითრიოს. ჩვენ აქ ვართ, რადგან ამერიკელ ხალხს ეს ომი არ სურს. მოვედით, რათა ხმა ავიმაღლოთ და ჩვენი სათქმელი თეთრ სახლსა და მთელ მსოფლიოს გადავცეთ“ - განაცხადა აქციის მონაწილე ლეიან ფულეიჰანმა.
აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებდა, რომ ამერიკელ ხალხს ომი არ სურს, მაშინ, როდესაც ირანულ-ამერიკული დიასპორის წარმომადგენლების ნაწილმა იერიშებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„მე ირანელ-ამერიკელი ვარ. აქ მოვედი, რომ საკუთარი თვალით ვნახო, რა ხდება. ტელეფონზე გამუდმებით მესიჯები მომდის. ვხედავ, როგორ უჭერენ ირანელები მხარს აშშ-ს ამ გაბედულ იერიშს. ამავე დროს, ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდებოდა სამი თვის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო მსხვერპლის ფონზე. ახლა მხოლოდ ტრამპის წინააღმდეგ, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო გამოდიან და მშვიდობიან მოსახლეობაზე საერთოდ არ ზრუნავენ. ეს ამაზრზენია. ჩემი მოვალეობაა, აქ ვიყო და ვნახო, არიან თუ არა აქ რეალურად ირანელები, თუმცა ასე არ ჩანს. მგონი, დაქირავებული პროვოკატორები არიან“ - განაცხადა ირანში აშშ-ის ოპერაციის მხარდამჭერმა იმან დაშტიმ.
ირანის სახელმწიფო მედიამ კვირა დილით დაადასტურა, რომ ერთობლივი ოპერაციის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, დაიღუპა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი ლიკვიდაციის შესახებ რამდენიმე საათით ადრე განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპერაცია საჭიროების შემთხვევაში გაგრძელდება.
ავსტრალიაში მცხოვრებმა ირანელებმა აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა იზეიმეს.
ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს აშშ-ის ქმედებას, რომელიც საერთაშორისო მშვიდობის დამყარებასა და უსაფრთხოების რისკის თავიდან აცილებას ითვალისწინებდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა აღნიშნა, რომ ავსტრალია არ მონაწილეობდა იერიშებში. მან ასევე მოუწოდა მხარეებს, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და კონფლიქტი არ გადააქციონ რეგიონულ ომად.
„ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ. სიტყვები ვერ აღწერს იმას, რასაც ირანის ხალხი გრძნობს. როგორც ვთქვით, ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ ეს არ არის ომი ირანის წინააღმდეგ. ეს არის ომი ირანის ხალხისთვის. ეს არის 90 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქის გადარჩენა, რომლებიც ამ სასტიკი რეჟიმის ქვეშ ცხოვრობდნენ. დღეს ის დღეა, როდესაც შეგვიძლია ვიზეიმოთ იმ ლიდერის სიკვდილი, რომელიც საკუთარ ხალხს ჩაგრავდა“ - ამბობს დემონსტრანტი ნასიმ რეზახანი.
„ვფიქრობ, დღევანდელი დღე ჩემთვის ოპტიმიზმს ნიშნავს. ეს ირანისთვის უფრო ნათელი მომავლის დასაწყისია. მიუხედავად იმისა, რომ თავად ირანში არ დავბადებულვარ, ჩემი მშობლები იქაურები არიან. ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ქვეყნის მომავლის მიმართ, იმის მიმართ, თუ საით მიდის ის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ირანის ხალხს უკეთესი მომავალი ელის“ - ამბობს დემონსტრანტი ალექს სარაფი.
ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენების გაუქმებამ ავსტრალიის რამდენიმე მსხვილ აეროპორტში შეფერხებები გამოიწვია.
