მთავარისაქართველოოპოზიციური პარტიები დასავლელ პარტნიორებს მიმართავენ

ოპოზიციური პარტიები დასავლელ პარტნიორებს მიმართავენ

პარტიები მოუწოდებენ დასავლელ პარტნიორებსა და სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, შექმნან დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც სრულად გამოიკვლევს ფაქტობრივ გარემოებებს და განსაზღვრავს როგორც გამოყენებული ნივთიერებების ხასიათს, ისე იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი იყვნენ ძალადობრივი დარბევის ორგანიზებაში.

ოპოზიციური პარტიების თქმით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც „ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთ პოლიტიკურ ძალას ემორჩილება“, შიდა, მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება ფაქტობრივად შეუძლებელია. მათი შეფასებით, ავტორიტარული და არალეგიტიმური ხელისუფლება არ გეგმავს საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას – მაშინ, როცა „ნებისმიერი ანგარიშვალდებული და დემოკრატიული მთავრობა ასეთ შემთხვევაში სწორედ ასე მოიქცეოდა“.

განცხადებაში პარტიები ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს, განიხილონ დროებითი შეზღუდვების დაწესება იმ სპეციალურ აღჭურვილობასა და საშუალებებზე, რომელთა გამოყენებაც შესაძლოა მოხდეს საერთაშორისო ნორმების დარღვევით და მოქალაქეების წინააღმდეგ. ოპოზიციის განცხადებით, მსგავსი ნაბიჯი პრევენციული ზომა იქნება და მნიშვნელოვნად შეამცირებს უფლებების მორიგი უხეში დარღვევის რისკს.

ოპოზიციური ჯგუფების ცნობით, ისინი უკვე აგროვებენ და ამუშავებენ ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება „ბიბისის” მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს და მზად არიან, ეს მასალები საერთაშორისო საგამოძიებო ინსტიტუტებს გადასცენ.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მათი მიზანია „რეჟიმის ცვლილებამდე თავიდან იქნას აცილებული მსგავს ნივთიერებათა ნებისმიერი შემდგომი გამოყენება, იმ შემთხვევაში, თუ „ბიბისის” გამოძიების დასკვნები დამოუკიდებლად დადასტურდება“.

ოპოზიციური პარტიები ხაზს უსვამენ, რომ საკითხი სცდება პარტიულ დღის წესრიგს და ეხება ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს, ადამიანის უფლებებსა და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend