„შევაჩერებთ ყველაფერს, რაც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია და უნგრეთის გავლით გადის, ვიდრე უკრაინელები რუსული ნავთობის მოწოდებას აფერხებენ“, - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მას შემდეგ, რაც კიევმა ბუდაპეშტს ბრალი დასდო უკრაინული სახელმწიფო ბანკის შვიდი თანამშრომლის გატცებაში.
„ოსჩადბანკის“ თანახმად, მათ კუთვნილ საინკასაციო მანქანებში მყოფი შვიდი პირი, რომელთაც უკრაინულ სახელმწიფო ბანკსა და ავსტრიულ ბანკს შორის შეთანხმებით ფული და ოქრო გადაჰქონდათ, ბუდაპეშტში 5 მარტს დააკავეს.
ინციდენტმა რუსული ნავთობის მიწოდებისა და „დრუჟბის“ მილსადენის საკითხით გამოწვეული დაძაბულობა უნგრეთსა და უკრაინას შორის კიდევ უფრო გაამწვავა.
„უკრაინელებს ფული უფრო ადრე დაუმთავრდებათ, ვიდრე ჩვენ ნავთობი,“ - განაცხადა ორბანმა.
„ჩვენ არასდროს დავუჭერთ მხარს უკრაინისთვის ნებისმერ ფინანსურ დახმარებას ბრიუსელში, ვიდრე უკრაინელები აფერხებენ ნავთობის ტრანზიტს, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებებით არის გარანტირებული. თუ ისინი უნგრელებს შეეხებიან და სერიოზულად დაგვაშანტაჟებენ, არ უნდა ელოდონ, რომ ბრიუსელში უკრაინის მხარდამჭერ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. სანამ წესრიგი არ აღდგება, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ნაბიჯსა და საშუალებას გამოვიყენებთ.
უკრაინელებს ფული უფრო ადრე დაუმთავრდებათ, ვიდრე ჩვენ ნავთობი.
ჩვენ არ უნდა დავნებდეთ შანტაჟს ან მუქარას. ნათელი უნდა იყოს, რომ არ შევასრულებთ უკრაინის მოთხოვნას, უარი ვთქვათ იაფ რუსული ენერგიაზე, რადგან ეს მილიონობით ოჯახს დააზარალებს. უკრაინას ამ ომში მხარს არ დავუჭერთ, რადგან ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ უკრაინელებს არ მივცემთ ფულს, რომელსაც ისინი წარმატებით სძალავენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებს. არ გადავიხდით, არ მივცემთ ფულს, და არ დავუშვებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს უნგრეთს ზიანს მიაყენებს“, - თქვა ვიქტორ ორბანმა.
„დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდება 27 იანვრიდან შეწყვეტილია.
უკრაინის თქმით, რუსული დრონის დარტყმამ მილსადენის ინფრასტრუქტურა დააზიანა, მისი შეკეთება ტექნიკოსებისთვის საფრთხის შემცველია და რომ აღდგენის შემთხვევაშიც კი, იგი კვლავ დაუცველი იქნება რუსეთის ახალი თავდასხმებისგან.
თუმცა, ბუდაპეშტი უკრაინას ბრალს სდებს, რომ იგი შეგნებულად აჭიანურებს რუსული ნავთობის მიწოდებას და აცხადებს, რომ კიევის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს, ვიდრე მილსადენით უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება არ აღდგება.
უნგრეთმა, მეზობელ სლოვაკეთთან ერთად, წინააღმდეგობა გაუწია ევროკავშირის მცდელობებს, უარი თქვას რუსულ წიაღისეულ საწვავზე და კვლავ მის შეძენას აგრძელებს.
ორბანმა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე კრემლთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნა, აპრილში ჩანიშნული მნიშვნელოვანი არჩევნების წინ კიევის წინააღმდეგ აგრესიული კამპანია გააძლიერა. ამასთან, მან უკრაინისთვის დიზელის სწვავის მიწოდება შეაჩერა, დაბლოკა ევროკავშირის სანქციების ახლი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და შეაფერხა კიევისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დამტკიცება.
