კატეგორიები

აშშ-ი ირანში სახმელეთო დანაყოფების განლაგებას ამ ეტაპზე არ გეგმავს

აშშ-ი ირანში სახმელეთო დანაყოფების განლაგებას  ამ ეტაპზე არ გეგმავს
Copyright AP Photo
აშშ ირანში სახმელეთო დანაყოფების გაგზავნას ამ ეტაპზე არ გეგმავს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრი სახლის პრესსპიკერის ქეროლაინ ლევიტის თქმით, მართალია, ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო დანაყოფების განლაგება ახლა არ განიხილება, თუმცა პრეზიდენტი მომავალში მსგავს სამხედრო მოქმედებებს არ გამორიცხავს.

„ამ ეტაპზე ეს ამ ოპერაციის გეგმის ნაწილი არ არის. მაგრამ მე ამას მომავალში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ან მთავარსარდლის მაგივრად ვერ გამოვრიცხავ. ამას თავადაც არ აკეთებენ. ვიცი, რომ წარსულში ბევრი ლიდერი ცდილობდა, გარკვეული ვარიანტები წინასწარ აეღოთ მაგიდიდან, მაშინ როცა კარგად არც კი ესმოდათ, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი — ეს ამჟამინდელი გეგმის ნაწილი არ არის, მაგრამ მე არ ვაპირებ პრეზიდენტისთვის იმ ვარიანტის მოხსნას, რომელიც მაგიდაზე უკვე დევს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპირეკმა, ქეროლაინ ლევიტმა.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ქეროლაინ ლევიტს დაუსვეს კითხვა, იყო თუ არა შეერთებული შტატები ან ისრაელი პასუხისმგებელი ირანში გოგონების სკოლის დაბომბვაზე, რომლის შედეგადაც 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქეროლაინ ლევიტის ინფმორმაციით ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მან ასევე განაცხადა, რომ ირანის ბოროტი რეჟიმისგან განსხვავებით, აშშ მშვიდობიან მოქალაქეებს არ ერჩის.

სკოლის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია 2 მარტს ირანულმა მხარემ გაავრცელა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს საფლავები, რომლებშიც, ირანული მხარის ინფორმაციით, ის 160-ზე მეტი გოგონაა დაკრძალული, რომლებიც ქალაქ მინაბში სკოლის შენობაზე მიტანილი იერიშისას დაიღუპნენ.

„ომის დეპარტამენტი ამ საკითხს იძიებს და მინდა მკაფიოდ გითხრათ: ამერიკის შეერთებული შტატები არ იღებს სამიზნედ მშვიდობიან მოქალაქეებს, განსხვავებით ირანის არალეგიტიმური რეჟიმისგან, რომელიც ერჩის სამოქალაქო პირებს, ხოცავს ბავშვებს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანი დახოცა. ის პროპაგანდას საკმაოდ ეფექტურად იყენებს. სამწუხაროდ, ამ ოთახში მყოფმა ბევრმა ადამიანმა ეს პროპაგანდა დიჯერა. ამიტომაც გაგაფრთხილებდით, ნუ გაიშვერთ ხელს ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, როდესაც საქმე ეხება სამოქალაქო პირების მიზანში ამოღებას, რადგან ეს არ არის ის, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალები აკეთებენ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპირეკმა, ქეროლაინ ლევიტმა.

სკოლის დაბომბვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა. მისი თქმით, საქმეს აშშ გამოიძიებს. ირანი კი ამერიკულ იერიშებს დიდხანს ვერ გაუძლებს, რადგან ირანის არმია, ფაქტობრივად, განადგურებულია.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ოპერაცია „ეპიკური რისხვა“  წარმატებით მიმდინარეობს და შეერთებული შტატების ძალებმა მასშტაბურ პროგრესს მიაღწიეს.

„ვიღაცამ მკითხა, 10-ქულიანი სისტემიდან რამდენით შევაფასებდი. მე ვთქვი, რომ დაახლოებით 15 ქულით. ჩვენ წარმატებას მივაღწევთ. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა გვყავს. ეს ჩვენთვის მრავალი წლის განმავლობაში უდიდესი საფრთხე იყო. 47 წლის განმავლობაში ისინი ხოცავდნენ როგორც ჩვენს, ისე სხვა ხალხს. ვფიქრობ, ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ჩემი აზრით, პირველებს ჩვენ რომ არ დაგვეწყო, ისინი ამას ისრაელს გაუკეთებდნენ. შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, ჩვენც დაგვარტყამდნენ. რომ არ შეგვეწყვიტა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეთანხმება, რომელიც კი ოდესმე დადებულა, მე მას ვუწოდებ ობამას ბირთვულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მან ირანს ყველაფერი მისცა, ბირთვული იარაღიც კი, ცუდი რაღაცები მოხდებოდა, რადგან მათ უკვე ექნებოდათ იარაღი... ეს ყველაფერი მოხდებოდა, ოთხი წლის წინ რომ არ გამეწყვიტა ეს შეთანმხება. ახლა ძალიან ძლიერ პოზიციაში ვართ და მათი ლიდერები სწრაფად ქრებიან. ყველა,, ვისაც ლიდერობა უნდა, საბოლოოდ კვდება. საოცარი რამ ხდება თქვენ თვალწინ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თეთრ სახლში ასევე ადასტურებენ ცნობებს იმის შესახებ, რომ დონალდი ტრამპი ესაუბრა ერაყსა და ირანში ქურთ ლიდერებს. თუმცა, როგორც თეთრ სახლში ამბობენ, პრეზიდენტმა ტრამპმა ქურთ ლიდერებთან მხოლოდ ერაყში არსებული ამერიკული ბაზების საკითხი განიხილა. ინფორმაცია ქურთული დაჯგუფების საბრძოლო მოქმედებაში ჩართვის შესახებ სრული სიცრუეა.

Related news
აშშ-ი ირანში სახმელეთო დანაყოფების განლაგებას ამ ეტაპზე არ გეგმავს დონალდ ტრამპი ამბობს, რომ განადგურებულია ირანის სამხედრო ძალების უდიდესი ნაწილი