კატეგორიები

კონფლიქტის მეექვსე დღე ახლო აღმოსავლეთში

კონფლიქტის მეექვსე დღე ახლო აღმოსავლეთში
Copyright AP Photo
ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს. შეერთებულ შტატებსა და ისრაელს კვლავ მიაქვთ საჰაერო იერიში ირანის დედაქალაქ თეირანზე.

აშშ-ისა და ისრაელის ავიაიერიშის შედეგად თეირანში პოლიციის ბაზა განადგურდა. ობიექტი ქალაქის ცენტრში, „რევოლუციის“ მოედნის მახლობლად, მდებარეობდა. აფეთქების შედეგად ქუჩები სავსეა  ნანგრევებით. სპეციალური სამსახურები  დაზიანებული ტერიტორიების გაწმენდას ცდილობენ.

თეირანში  საჰაერო იერიშების სამიზნე პოლიციის  რამდენიმე ცენტრი და სამხედრო ობიექტი იყო

ამავდროულად, აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავმა ინდოეთის ოკეანეში ირანის სამხედრო ხომალდი ჩაძირა. ვაშინგტონი და თელ-ავივი ირანის უსაფრთხოების ძალებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე  შეტევებს აძლიერებენ.

ირანში იერიშების ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონია გადაიდო. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

ისრაელმა, თეირანის გარდა, იერიში მიიტანა  ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურასა და  რევოლუციური გვარდიის კომპლექსზე დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში.

ისრაელის სამხედროების განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში დაახლოებით 300 თავდაცვითი სისტემა და ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს.

„ამ დროისთვის ჩვენ დაახლოებით  300 ირანული თავდაცვითი სისტემა და ბალისტიკური რაკეტა დავაზიანეთ, გავანადგურეთ და მწყობრიდან გამოვიყვანეთ. ასევე იერიში მივიტანეთ ობიექტებზე, რომლებიც ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურას უკავშირდება. გარდა ამისა, დავარტყით ტერორისტული ინდუსტრიისა და სტრატეგიული იარაღის წარმოების ქსელში შემავალ სამიზნეებს.

საჰაერო ძალების გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა აღმოსავლეთ თეირანში, სამხედრო კომპლექსზე მიიტანეს იერიში. კომპლექსი მოიცავს მრავალ შტაბსა და სხვადასხვა სამხედრო ბანაკს, საიდანაც რეჟიმის წარმომადგენლები ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და ცდილობდნენ ირანის მოქალაქეების ხმის ჩახშობასა და მსოფლიოში ტერორისტული დღის წესრიგის დამყარებას“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ეფი დეფრინმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასულ ღამეს ირანიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს.

ისრაელის ადგილობრივი მედიის ცნობით, ცენტრალურ ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში განგაში იყო გამოცხადებული.

თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა.

Related news
კონფლიქტის მეექვსე დღე ახლო აღმოსავლეთში ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება