კატეგორიები

ჰელსინკის ინიციატივამ მოსკოვი „გააღიზიანა“

ჰელსინკის ინიციატივამ მოსკოვი „გააღიზიანა“
Copyright AP Photo/Lehtikuva, Antti Aimo-Koivisto
ფინეთის ინიციატივას, ქვეყანაში ბირთვული იარაღის განლაგებაზე შეზღუდვები მოხსნას, კრემლში უკმაყოფილებით შეხვდნენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები ევროპაში ვითარების ესკალაციას უწყობს ხელს და ასეთ შემთხვევაში მოსკოვი ჰელსინკის უპასუხოდ არ დატოვებს.

„ეს განცხადება ვიხილეთ და ვთვლით, რომ ის ევროპის კონტინენტზე ვითარების დაძაბვისკენაა მომართული. ეს განცხადება აღრმავებს ფინეთის დაუცველობას, რაც ამგვარი ქმედებებით ფინეთის ხელისუფლების მიერაა პროვოცირებული. საქმე ისაა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებით ფინეთი ჩვენთვის საფრთხე ხდება და თუ ის ჩვენთვის საფრთხე გახდება, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, — აღნიშნეს კრემლში.

ფინეთს რუსეთთან გრძელი საზღვარი აკავშირებს. ქვეყანამ ცივი ომის დროს ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, თუმცა უკრაინაზე რუსეთის აგრესიის ფონზე 2023 წელს ნატოს წევრობაზე გააკეთა განაცხადი და დაჩქარებულ ვადებში გახდა კიდეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მეზობელ შვედეთთან ერთად.

უკვე ხუთშაბათს ჰელსინკიმ ღიად განაცხადა, რომ აპირებდა დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი შეზღუდვის მოხსნას ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსების თაობაზე, რაც ევროპულ მიწაზე ომის შემთხვევაში მათ ან მათ მოკავშირეებს ადგილზე ბირთვული შეიარაღების განთავსების საშუალებას მისცემდა.

ფინეთის თავდაცვის უწყებამ ქვეყნის კანონმდებლებს შესთავაზა, ნატოში გაწევრიანებამდე მოქმედი კანონმდებლობა შემსუბუქდეს და დასაშვები გახდეს ფინეთში ბირთვული იარაღის იმპორტი, ტრანსპორტირება, მიწოდება თუ განლაგება, თუ ამას ქვეყნის უსაფრთხოება ან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პრინციპები მოითხოვს.

„შეთავაზების მიზანია, მოიხსნას საკანონმდებლო დაბრკოლებები ფინეთის თავდაცვის უზრუნველსაყოფად შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის ჩარჩოს ფარგლებში. გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ფინეთის უსაფრთხოების ოპერატიულად დაცვის აუცილებლობა, რომლის პროგნოზირებაც რთულია. ინიციატივის მიზანია ნატოს საიმედო შეკავების უზრუნველყოფა, ყველა მისი კომპონენტის ჩართულობით, მათ შორის მაქსიმალურად მაღალი თამასის დაწესება ფინეთისა თუ ალიანსის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში“, — წერია ფინეთის მთავრობის პოზიციაში.

რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში, აგრეთვე გრენლანდიაზე აშშ-ის უპრეცედენტო პრეტენზიებმა ევროპულ მთავრობებს უბიძგა, გადაეხედათ მათი უსაფრთხოების სტრატეგიებისთვის, მათ შორის ბირთვული შეიარაღების ნაწილში. ამ მხრივ ფინეთი ერთადერთი არაა.

Related news
ჰელსინკის ინიციატივამ მოსკოვი „გააღიზიანა“ სი ძინპინი ფინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა