„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, გამოკვეთილია ძირითადად აქტიური მოქმედებების ხუთი კერა – სუმის, ხარკივის, დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებები და ზაპორიჟიეს ფლანგი. თუმცა სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო ანალიტიკური გამოცემის ინფორმაციას თუ დავაჯამებთ, ვნახავთ, რომ ძირითადად სამხედრო დაპირისპირების მთავარ ადგილად კვლავ დონეცკის ფლანგი რჩება. კონკრეტულად კი პოკროვსკის მიმართულება.
ბოლო პერიოდი რუსი სამხედრო ბლოგერები აქტიურ საინფორმაციო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი და არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოკროვსკი დაიკავა რუსულმა ჯარმა. ასეთ ტიპის გზავნილები საზოგადოებამ რუსი სამხედრო მაღალჩინოსნებისგანაც მოისმინეს. თუმცა უკრაინელები უარყოფენ ყოველივე ამას. პოკროვსკში კვლავ დინამიკურია ვითარება.
საბრძოლო მოქმედების ხასიათია შეცვლილი და ნაცვლად დიდი ჯავშანსატანკო იერიშებისა რუსები მცირე ტაქტიკური ჯგუფებით ხშირ იერიშებს ახორციელებენ. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” თანახმად, გარკვეული წინსვლა ამ უწყვეტი იერიშების გამო აქვს რუსულ არმიას. თუმცა ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ესაა რამდენიმე თვიანი, წელიწადზე მეტი ხნის იერიშების შედეგი.
საინტერესოა, ფრონტის სხვა მიმართულებებიც. აქტიური საბრძოლო მოქმედებებია კუპიანსკის ფლანგზე, თუმცა რუსული არმია აქაც მცირე ტაქტიკური ჯგუფების გამოყენებით ცდილობს ქალაქში ინფილტრაციას. როგორც უკრაინის არმიაში აცხადებენ, ქალაქსა და მის გარეუბნებში მიმდინარეობს საბრძოლო ღონისძიებები და სპეციალური ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ქალაქში შეჭრილი მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების გამოვლენასა და განადგურებას.
მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდა ზაპორიჟიას მიმართულება. ფრონტის სამხრეთ ნაწილზე უთუოდ გამოსარჩევია ეს დინამიკა. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, ძირითადად საბრძოლო მოქმედებების სამი სიმძიმის ცენტრია. იმავე კვლევითი ორგანიზაციის ინფორმაციით, სწორედ აქ დასახლება ჰულიაპოლეს მიმართულებით რუსებმა ერთი სოფელი დაიკავეს და გაზრდილი სამხედრო აქტიურობის ფონზე ვარაუდობენ, რომ კრემლი შესაძლოა ახალ იერიშს ამზადებდეს სამხრეთ ფლანგზე, არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი ყურადღების გადატანის გამო კეთდებოდეს… რათა მაგალითად, პოკროვსკიდან ძალები გადაისროლოს უკრაინამ ზაპორიჟიასკენ.

