უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურეს, რომ ეროვნული წარმოების ფრთოსან რაკეტებს კიევი უკვე აქტიურად იყენებს. საილუსტრაციოდ კადრებიც გავრცელდა. ასევე წარმოადგინეს ბრძოლაში გამოცდილი სხვადასხვა შეიარაღების ნიმუში, მათ შორის იყო „ფლამინგო“.
ეს კი „ფლამინგოს“ საწარმო ქარხანაა. ეს ქარხანა კომპანია „ფაიერ პოინტს“ ეკუთვნის. „ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გაწევრიანდა.
„რადგან დიდ საერთაშორისო კომპანიად ვყალიბდებით, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცავთ ყველაზე მკაფიო და საუკეთესო კორპორაციულ სტანდარტებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, შევქმნათ საკონსულტაციო საბჭო. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მაიკ პომპეო არის პირველი, ვინც შემოუერთდა ჩვენს საკონსულტაციო საბჭოს 12 ნოემბრიდან“, – ამბობს კომპანია Fire Point-ის მთავარი ტექნიკური ოფიცერი ირინა ტერეხი.
კომპანია „ფაიერ პოინტი“ „ფლამინგოებს“, დრონებსა და სხვა სამხედრო საშუალებებს გასაიდუმლოებულ ქარხანაში აწარმოებს. კიევში ამბობენ, რომ „ფლამინგო” მინიმუმ ოთხჯერ წარმატებით გამოიცადა ბრძოლაში… კომპანია „ფაიერ პოინტი“ საწარმოო აქტიურობის გაზრდასაც გეგმავს. კრიტიკოსები იხსენებენ კომპანიის წარსულს და მიუთითებენ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების მონოპოლიასა და ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩთან სავარაუდო კავშირზე. როგორც ცნობილია, იგი უკრაინის მთავარ ენერგეტიკულ სკანდალშია გახვეული და მისი სახელი უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებულ პირთა წრესაც უკავშირდება. თუმცა უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა აღნიშნეს, რომ ისინი „ფლამინგოს“ რაკეტის თაობაზე გამოძიებას არ ატარებენ.
„არ არსებობს კონკრეტული სიახლე ან განახლებული ინფორმაცია Fire Point-თან დაკავშირებულ გამოძიებაზე. ველოდებით შედეგებს. სრულად ვთანამშრომლობთ კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ ბიუროსთან, ვაწვდით მათ ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას. ზოგადად, ეს შესანიშნავი ნიშანია იმისა, რომ ასეთ რთულ ვითარებაშიც კი ჩვენი ანტიკორუფციული სამსახურები კვლავ მუშაობენ“, – თქვა კომპანია Fire Point -ის მთავარმა ტექნიკურმა ოფიცერმა ირინა ტერეხმა.
Fire Point-ის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ და მოქმედებენ საომარი მდგომარეობის მკაცრი პროტოკოლის შესაბამისად, მათ შორის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებაც კი დაავალეს გამომძიებლების დასამშვიდებლად. გამოძიებით კი ცდილობენ, დაადგინონ, გაზარდა თუ არა Fire Point-მა კომპონენტების ფასი ან დრონების რაოდენობა თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტებში, იკვლევენ კომპანიასა და მინდიჩს შორის შესაძლო კავშირებსაც. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის იარაღის ეროვნულ წარმოებას ძალიან ეხმარება კერძო შემოწირულებებიც.
კომპანია Fire Point-მა, რომელიც ნაკლებად ცნობილი იყო რუსეთის სრულმასშტაბიან ინტერვენციამდე, მალევე მოიპოვა პოპულარობა, ამბობენ, რომ კომპანიის შემოსავალი 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანიაში აშენდება სარაკეტო საწვავის ახალი ქარხანა, რომელიც ფაიერ პოინტის მომარაგების ჯაჭვში ჩაებმება. თუმცა მანამდე კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა კომპანია დაკავშირებული კორუფციულ გარიგებასთან.

