გერმანია სამხედრო სამსახურის მოდელი მნიშვნელოვნად აახლებს, რითაც ცდილობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას.
ამჟამად ბუნდესვერს დაახლოებით 182 000 სამხედრო ჰყავს. ახალი მოდელი მიზნად ისახავს ამ რიცხვის 20 000-ით გაზრდას მომდევნო წლის განმავლობაში, ხოლო ათწლეულის ვადაში პერსონალის რაოდენობამ 255 000–260 000-ს უნდა მიაღწიოს. ამას დაემატება დაახლოებით 200 000 რეზერვისტი.
რეგისტრაცია და სამედიცინო შემოწმება
ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა 18 წელს მიღწეული და გადაცილებული მამაკაცი ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს პოტენციურ სამხედრო სამსახურში. დაახლოებით 700 000 ახალგაზრდას, რომლებიც 2008 წელს ან მოგვიანებით არიან დაბადებული, შესაბამისი უწყებები უშუალოდ დაუკავშირდებიან რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად.

ახალი კანონი ითვალისწინებს მთელ რიგი სხვა პროცედურებსაც:
– ყველა სრულწლოვანი მამაკაცი ვალდებულია, შეავსოს კითხვარი, რომელშიც მიუთითებს საკუთარ მზადყოფნას სამხედრო სამსახურისთვის;
– აუცილებელი ხდება სამედიცინო შემოწმება, რათა განისაზღვროს მათი ფიზიკური შესაძლებლობები.
მომდევნო წლიდან, კითხვარი გაეგზავნებათ ასევე 18 წლის ასაკის ქალებსაც – თუმცა მათთვის კითხვარის შევსება ნებაყოფლობითი იქნება.

2027 წლის ივლისიდან კი სამედიცინო შემოწმება 18 წლის ყველა მამაკაცისთვის გახდება სავალდებულო.
სამხედრო სამსახურის ნებაყოფლობითი ბუნება და პოტენციური ცვლილებები
მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, ამ დროისთვის გერმანიაში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი რჩება. თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ წახალისებისა და პირობების გაუმჯობესების ფონზე ეს საკმარისად ეფექტური მოდელია.

„ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას ნებაყოფლობით სამსახურზე. ჩვენ ვქმნით მიმზიდველ სამსახურს. წვრთნა იცვლება. ანაზღაურება იცვლება. ის ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის დრონების წვრთნამდეც კი. საერთო ჯამში, სამხედრო სამსახურის სრულიად ახალი იმიჯი ყალიბდება და უკვე დაიწყო ჩამოყალიბება”, – ამბობს ბორის პისტორიუსი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი.
თუმცა, თუ ცვლილებებით ბერლინი სურვილ შედეგს ვერ მიაღწევს და საკმარისი რაოდენობის მოხალისეები არ გამოჩნდებიან, ბუნდესვერში არ გამორიცხავენ სავალდებულო გაწვევის ხელახლა შემოღებას. ამისთვის პარლამენტს უკვე შეუძლია განიხილოს საკანონმდებლო ცვლილებების ახალი პაკეტი.
ისტორიული კონტექსტი და უსაფრთხოების გარემო
ცივი ომის დასრულების შემდეგ გერმანიამ მნიშვნელოვნად შეამცირა სამხედრო ხარჯები, ხოლო სავალდებულო გაწვევა 2011 წელს შეჩერდა. თუმცა დღეს, უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს ფონზე, ბერლინი მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალების გაძლიერება აუცილებელია.
გერმანიის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ მიზანი არა მხოლოდ რაოდენობრივი ზრდაა, არამედ ხარისხობრივი გარდაქმნაც – სამხედრო სამსახურის თანამედროვე, ტექნოლოგიურად აწყობილი და მომხიბვლელი მოდელის შექმნა, რომელიც ახალგაზრდებისთვის რეალისტურ და ღირებულ არჩევანად იქცევა.

