საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მსგავსად საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ. საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება საზოგადოებას, დღეს, 17 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ გააცნო. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ რეფორმის შემდეგ გამორიცხული იქნება არჩევნებში გარე ჩარევა და მოქალაქეების ხმის მიცემაც უფრო დაცული იქნება.
„კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.
ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს. არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებული შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან.
ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას. ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები. ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას – ერთი ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას გაფილტრულად, სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს და ე.წ. გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად, საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს. დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო იყო. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს.
შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას”, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
მმართველი პარტიის ოპონენტები კი ამბობენ, რომ ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს უჭერს მხარს და „ქართულ ოცნებას” მათი ხმის მიცემის შეზღუდვა სურს.
„ამას ერთადერთი მიზეზით აკეთებენ, რადგან ბოლო არჩევნებში [2024 წლის საპარლამენტო არჩევნები] კატასტროფული მარცხი განიცადეს ემიგრაციაში. იციან, რომ ემიგრანტების უმეტესობა რეჟიმის წინააღმდეგია და აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შესაბამისად, ეს მათთვის პრობლემაა და გადაწყვიტეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ემიგრაციაში არიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო, რომელიც რეჟიმმა შექმნა ქვეყანაში და არ დაუტოვა შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად იცხოვრონ და იმუშაონ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანი წითლიძემ.

