პროექტის „ნათელა გრიგალაშვილი – უხილავი საქართველო“ ბილბორდები ქალაქში ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებშია გადაღებული: სოფლებში, მთებში, გზებზე, ეზოებსა და სახლების ინტერიერში. ნამუშევრები პროექტის ფარგლებში თბილისის ქუჩებში კომერციული რეკლამისთვის განკუთვნილ ბილბორდებს დაიკავებს.
თბილისის ქუჩებში გაფანტული სხვადასხვა პერიოდსა თუ რეგიონში გადაღებული ფოტოები ხელოვანის შემოქმედების ერთგვარ რეტროსპექტივას წარმოგვიდგენს. როგორც თავად ფოტოგრაფი ამბობს, ეს არის საქართველოს ყოველდღიური სილამაზე, რომელიც ტურისტულ ბუკლეტში შესაძლოა ვერ მოხვდეს, მაგრამ ქვეყნის ნამდვილ სახეს ქმნის. პროექტს თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი წარმოადგენს.
ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში ფოტოგრაფმა, ნათელა გრიგალაშვილმა და თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორმა, ლიკა ჭკუასელმა ისაუბრეს.

