პრემიერ ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადებიდან თითქმის 1 წლის თავზე „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შეჩერების გადაწყვეტილება არა თბილისმა, არამედ ბრიუსელმა მიიღო.
მმართველ პარტიაში მკაფიო მტკიცებულებად ასახელებენ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისთვის, გიორგი ზურაბაშვილისთვის 5 ნოემბერს გაგზავნილ წერილს. ეს წერილი 7 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. მისი შინაარსის თანახმად, ევრობლოკში გაწევრების პროცესი 2024 წლის 27 ივნისს ევროპის საბჭოს დასკვნების საფუძველზე შეჩერდა.
„ჯამი ჭურჭელია“ – „ფეისბუკზე“ ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ წერილს, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ კი მის შინაარსზე ასე ისაუბრა:
„ვხედავთ იმ აბსოლუტურად ღია პროპაგანდასა და დეზინფორმაციას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით ინტენსიურად მიდის იმის გამო, რომ საქართველო არ აჰყვა მოწოდებებს და 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საკუთარი ქვეყანა არ გაწირა სხვათა გეოპოლიტიკური თამაშისთვის. ამის შემდეგ დაიწყო ზუსტად თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე, მცდელობები ხელისუფლების ჩანაცვლებისა, დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაშიც ბრიუსელმა უდიდესი პოლიტიკური ენერგია და თანხები დახარჯა, იყო ის, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რაც არის აბსოლუტური ტყუილი.
სიმართლე არის ის, რაც ამ წერილში წერია – 2024 წლის ივნისში ეს იყო სწორედ ბრიუსელი, რომელმაც იმისთვის, რომ ზეგავლენა მოეხდინა საქართველოს ამომრჩეველზე, საკუთარი გადაწყვეტილებით შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ეს არის, როდესაც ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით. პროპაგანდას შეიძლება მოკლე ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავს…“
ევროპელი დიპლომატისა და საქართველოს დიპლომატიური უწყების წერილობით კომუნიკაციაზე პასუხმა არ დააყოვნა ბრიუსელიდანაც.
„რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ფაქტებისგან ყურადღების გადატანის კიდევ ერთი მკაფიო მცდელობა. ხელისუფლების მხრიდან უკვე მიჩვეულები ვართ საინფორმაციო პროპაგანდას, ასე რომ, მოდით პირდაპირ ფაქტებით ვისაუბროთ.
2024 წლის ივნისში ჩვენ უკვე გვქონდა ევროპის საბჭოს დასკვნები, რომლებიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას. ეს დასკვნები ასევე იყო ერთგვარი პირველი გამოსაფხიზლებელი მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რათა მათ შეებრუნებინათ აღებული კურსი.
ჩვენ გვყავდა „ქართული ოცნების“ მთავრობა. იგივე პარტია უმრავლესობით იყო წარმოდგენილი პარლამენტში და დემოკრატიისთვის ამ დესტრუქციული ქმედებების გადახედვის ნაცვლად, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ქმედებები უფრო ინტენსიური გახდა – ოპოზიციაზე ზეწოლა, ჟურნალისტების დაპატიმრება, თავდასხმა მშვიდობიან დემონსტრანტებზე.
შესაბამისი დასკვნები ჩვენ გვქონდა 2024 წლის ივნისში, ასეთივე დასკვნები გვქონდა 2024 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში. და ახლაც, მიმდინარე კვირაში ჩვენ ვნახეთ „გაფართოების შესახებ“ ევროკომისიის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველა ამ ქმედების შედეგად საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის“, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა.
თუმცა ბრიუსელის პოლიტიკა არ არის ერთადერთი, ვისაც სახელისუფლებო პარტია ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებლად მიიჩნევს. ამ მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისთვის პრობლემური აღმოჩნდა საქართველოსადმი კიევის დამოკიდებულებაც.
5 ნოემბერს დიპლომატმა გაიხსენა 2022 წლიდან მოყოლებული ყველა ის შემთხვევა, როცა, მისი შეფასებით, უკრაინამ თბილისისადმი არამეგობრული ქმედებები გამოავლინა. ქართველი კოლეგისთვის საპასუხო განცხადების გაკეთება პლატფორმა „იქსის“ მეშვეობით მოუწია ანდრი სიბიჰას:
„ქართული მხარე არ უნდა გაბრაზდეს სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვაზე. ევროკავშირში გაწევრების გზაზე საქართველოს წარუმატებლობის ყველა მიზეზი იმალება თბილისში და არა კიევში.
რაც შეეხება უკრაინას, მეგობარ ქართველ ერს ჩვენ ვუსურვებთ მხოლოდ ერთს – მიუხედავად მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკისა, ერთხელ და სამუდამოდ რეალობად აქციონ თავიანთი ევროპული მისწრაფებები. საქართველო არის ევროპა და არა „რუსული სამყარო“.
ვიდრე ქვეყნის ევროინტეგრაციის შეფერხებაში თბილისი ბრიუსელისა და კიევის არამეგობრულ ქმედებებს ხედავს, საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე 2025 წელს ევრობლოკის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებლით ასრულებს. ასეთია ევროკომისიის „გაფართოების შესახებ“ ანგარიშის დასკვნა.

