თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს უწყვეტი პროტესტის იმ მონაწილეთა საქმეების განხილვას, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ დღეებში ადმინისტრაციული წესით დააკავა.
„გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ აქტივისტ ბაია მარგველაშვილს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ამასთან, ის სამოქალაქო აქტივისტს მოუწოდებდა, დამჯდარიყო სამართალდამრღვევისთვის განკუთვნილ ადგილას, რასაც ბაია მარგველაშვილი არ დაემორჩილა. მოსამართლემ ის „სასამართლოს უპატივცემულობის“ მიზეზით 200 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გააძევა.
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა, პროტესტის აქტიური მონაწილის, გურამ ქუხილავას მიმართ სიტყვიერი გაფრთხილების გამოყენების თაობაზე და 76 წლის პირს ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მასაც „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი გურამ ქუხილავა პოლიციამ 3 ნოემბერს, გვიან ღამით გააჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა. მან სამართალდამცველების მხრიდან ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ ისაუბრა.
7 ნოემბერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა კიდევ ერთხელ, 5 000 ლარით დააჯარიმა 72 წლის პენსიონერი და შშმ პირის სტატუსის მქონე იოსებ ხეოშვილი, რომელსაც პოლიცია ასევე ედავებოდა „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“. ამ სტატუსის მქონე პირისთვის სასჯელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას გამორიცხავს.
6 ნოემბერს მოქალაქეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე.
საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებული იყო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პოლიცია.
გზის სავალ ნაწილზე გადასვლისთანავე სამართალდამცველებმა დემონსტრანტები კვლავ ტროტუარზე გადაიყვანეს და რუსთაველის გამზირზე მწკრივად განლაგდნენ. მოგვიანებით მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, გვიან საღამოს კი კვლავ გადაწყვიტეს პარლამენტის შენობასთან დაბრუნება.
6 ნოემბრის საღამოს პოლიციამ დააკავა 15 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს 16 წლამდე პირთა მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყებას.


