მთავარისაქართველოონკოპაციენტების მოთხოვნები და პასუხი სამინისტროდან

ონკოპაციენტების მოთხოვნები და პასუხი სამინისტროდან

ონკოპაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა უკეთესი სამედიცინო სერვისების მიღებისა და ბიუროკრატიული პროცედურების შემცირების მოთხოვნით რვა სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ ზრუნავს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეებზე, რომლებიც დაბალი დონის სამედიცინო მომსახურებასა და მიზერულ დაფინანსებაში გამოიხატება, ეს კი ზრდის პაციენტთა სიკვდილის რისკებს. მათივე თქმით, დეფიციტურია მედიკამენტებიც. სახელმწიფო არ ზრუნავს, რომ თანამედროვე სამედიცინო მიღწევები სწრაფად დაინერგოს სიმსივნით დაავადებული საქართველოს მოქალაქის მკურნალობის პროცესში. ამ და სხვა პრობლემების გადასაჭრელად ონკოპაციენტები და ამ საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაცია მინისტრთან საგანგებო შეხვედრასაც ითხოვენ.

„საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ონკოპაციენტებს მკურნალობა აქვთ უფასო, რაც არის დიდი ფარსი. ჩვენ არ გვაქვს საქართველოში უფასო არაფერი, გარდა ქიმიის. ქიმიამდე ადამიანს სჭირდება დიაგნოზის დასმა, უამრავი გადაღება, უამრავი ანალიზები, რომლებიც, დაახლოებით 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე ჯდება და არ მგონია, ამის საშუალება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს დიაგნოზი აქვს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქართველოში ყველა ანალიზი ონკოპაციენტებისთვის იყოს უფასო. ჩვენ უნდა ვიყოთ პაციენტები ჩვენი ქვეყნისთვის და არა კლიენტები საავადმყოფოსთვის. ჯანდაცვის სამინისტროში გაჭირვებული ადამიანი რომ რეკავს, ზარი უნდა იყოს უფასო და წუთში 30 თეთრს არ უნდა გვაჭრიდეს ტელეფონიდან. ეს არცერთ ქვეყანაში არ ხდება”, – ამბობს ონკოპაციენტი ნათია ლომსაძე.

იმავე დღესვე ონკოპაციენტების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა პროტესტის ადრესატი, ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ აქციის მონაწილეებს მასთან შეხვედრა პროტესტის გამართვის გარეშეც შეეძლოთ და ეჭვი გამოთქვა, რომ ეს აქცია პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად იყო ორგანიზებული. მისივე განცხადებით, სახელმწიფომ ონკოპაციენტების მკურნალობაზე ხარჯები გაზარდა და ამ მხრივ წინა წლებთან შედარებით უკეთესობაა. თუმცა, რამდენად ეფექტურად ხდება ამ თანხების განკარგვა და კონკრეტულად რას ხმარდება ბიუჯეტი, ამაზე მინისტრს დეტალურად არაფერი უთქვამს.

„არასდროს მათ შეხვედრის პრობლემა არ ჰქონიათ და არ ვიცი, რისთვის შეიძლება, სჭირდებოდეთ თქმა, რომ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის. ეს შეხვედრები ისედაც იმართება. არ მგონია, სადმე დახურულ კარს წააწყდნენ. ამ თვალსაზრისით ჩვენი სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა. რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარსს, ალბათ კონკრეტულად უნდა ითქვას, რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და როგორ იქნეს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები სწორი მიმართულებით. რამდენიმე წლის წინ ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის კი 300 მილიონს უტოლდება. ეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო შედეგია. ინიციატივები, რომლებიც ცალკეულ გაუმჯობესებას უკავშირდება, ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშე გვაქვს ყურადღების ქვეშ. ონკოლოგია ის თემა არ არის, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობა უნდა სცადონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის, ეთიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრისა და გადასაწყვეტი საკითხების შესახებ აქციის მონაწილეებმა უწყებაში შესაბამისი განცხადება შეიტანეს. შესრულდება თუ არა მათი მოთხოვნები, ეს ჯერ უცნობია.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend