მთავარიამერიკააშშნაფიცმა მსაჯულებმა შონ კომბსი წარდგენილი ხუთი ბრალდებიდან დამნაშავედ ორში ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა შონ კომბსი წარდგენილი ხუთი ბრალდებიდან დამნაშავედ ორში ცნეს

ნიუ-იორკის სასამართლომ, რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეს განიხილავს, 55 წლის მუსიკოსის, შონ კომბსის, იმავე P-Diddy-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო – 2 ივლისს ცნობილი რეპერი ნაფიცმა მსაჯულებმა 5 ბრალდებიდან მხოლოდ ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ.

შონ კომბსი დამნაშავედ ცნეს პროსტიტუციის ხელშეწყობაში, რადგან მას სწორედ ამ მიზნით მიჰყავდა ხალხი დანიშნულების ადგილას. დანაშაული მაქსიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა დაცვის გუნდი თვლის, რომ არსებული მდგომარეობით, ბრალდებულს მაქსიმუმ 2-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ნაფიცმა მსაჯულებმა P-Diddy გაამართლეს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, ადამიანებით ვაჭრობის ნაწილში, რაც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულის დაცვის მხარემ გამარჯვება აღნიშნა.

„დღევანდელი დღე დიდი გამარჯვების დღეა. ეს შონ კომბსის, ასევე  ნაფიც მსაჯულთა სისტემის დიდი გამარჯვებაა. ყველამ ნახეთ, რომ ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორები შონ კომბსს ყოველმხრივ დაუპირისპირდნენ. ისინი არ ჩერდებიან, მაგრამ ჩვენსა და ციხეს შორის არიან  ნაფიცი მსაჯულები. ეს არაჩვეულებრივი გუნდია.  მათ ყველაფერი მოისმინეს და ვითარება სწორად შეაფასეს. მათ შონ კომბსი გაამართლეს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის საქმეში, რომელშიც ის სრულად უდანაშაულო იყო. უდანაშაულო იყო ყველა კომპონენტში: გატაცებასა და ცეცხლის წაკიდებაში, ასევე სამართლიანობის დამყარებისთვის ხელის შეშლაში, რასაც უკვე მხოლოდ მე აღარ ვამბობ. ესაა  ნაფიც მსაჯულთა განაჩენი. ამრიგად, დღეს დიდი დღეა. ესაა გამარჯვება შონ კომბსისთვისა და ჩვენი იურიდიული გუნდისთვის“, – ამბობს შონ კომბსის ადვოკატი, მარკ აგნიფილო.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შონ კომბსი  სასამართლო დარბაზში მუხლებზე დაეცა და ლოცვა აღავლინა. მისი დაცვის გუნდმა განაცხადა, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეცვალა სამართლებრივი ლანდშაფტი და შონ კომბსი მილიონი დოლარის გირაოთი უნდა გათავისუფლდეს. თუმცა პროკურორის თანაშემწე მიიჩნევს, რომ  იგი პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგან მომღერალი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მოსამართლე არუნ სუბრამანიანი განმარტავს, რომ მოქმედი კანონით ამ ეტაპზე P-Diddy-ის ვერ გაათავისუფლებენ. თუმცა საბოლოო განაჩენის თარიღი უცნობია. შონ კომბსის დაცვის გუნდი აცხადებს, რომ ბრძოლას არ შეწყვეტს, სანამ უდანაშაულო ადამიანს არ გაათავისუფლებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend