მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

მიუხედავად იმისა, რომ გლასტონბერის ფესტივალი შეიძლება ყველაზე ღირსშესანიშნავია,  ევროპაში  იმართება მრავალი სხვა, ნაკლებად ცნობილი ღონისძიებებიც, რომლებზეც  არაჩვეულებრივი შემადგენლობაა წარმოდგენილი და უნიკალური ატმოსფეროა. ერთ-ერთი ასეთია ლიონის Nuits de Fourvière, რომელიც მომავალ შაბათ-კვირას იწყება და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სივრცეში გაიმართება.

თუ მუსიკით ხართ დაინტერესებული, ამ პარასკევს  ორი ახალი ალბომი გამოვა: ლიტლ სიმზის Lotus და ფალფის More, ასევე გელით HAIM-ის, Lorde-ისა და Barbra Streisand-ის ახალი სინგლები.

და ბოლოს, ჯონ უიკის ფილმების სერია გრძელდება. ასევე გირჩევთ, უკვე ცნობილი  „ფინიკიური სქემა“ დაამატოთ სანახავი ფილმების სიაში. ჩვენმა კინოკრიტიკოსმა დევიდ მურიკანდმა მას „ოქროს პალმის რტოს დამსახურებული გამარჯვებული“ უწოდა. ფილმისა და მისი ირანელი რეჟისორის, ჯაფარ პანაჰის, შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი უახლესი მიმოხილვა.

აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში…

გამოფენები

ანსელმ რეილე: მზის ამოსვლის მისია

ანსელმ რეილეს ნამუშევარი 2023 Credit: Anselm Reyle

4 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, ლონდონის ოპერის გალერეაში ბერლინში მოღვაწე მხატვრის ანსელმ რეილეს გამოფენა ეწყობა. ამ ფართომასშტაბიან ახალ გამოფენაზე იგი წარმოგვიდგენს მიმდინარე სერიებს, მათ შორის ქრომირებული ფუნჯის ნახატებს, კერამიკასა და ნეონის ინსტალაციებს. გამოფენაზე ასევე  ნახავთ ავსტრიელ მხატვარ ფრანც ვესტთან თანამშრომლობით შექმნილი სკამების კოლექციას, რომელიც წარმოაჩენს რეილეს ავეჯის დიზაინისადმი გატაცებას და მასობრივი წარმოებისთვის მასალების გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების კონცეფციას.

პალესტინის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

ნამუშევარი წარმოდგენილია პალესტინის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ედინბურგი

შოტლანდიაში, კერძოდ, ედინბურგში პალესტინის თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილი პირველი ევროპული მუზეუმი მხატვრული ნამუშევრების ფართო სპექტრს წარმოაჩენს. აქ ნახავთ ნაქარგებს,  ფერწერულ ტილოებს, ქანდაკებებსა  და კინორეჟისურას,  რომლებიც ასახავს  იძულებით გადაადგილებული ან ოკუპაციის პირობებში მცხოვრები პალესტინელების ცხოვრებისეულ გამოცდილებას. მეწარმე ფაისალ სალეჰის პროექტი მიზანდ ისახავს, პალესტინელების მდგრადობა, კრეატიულობა და ჰუმანურობა წარმოაჩინოს და მათი ხმა მსოფლიოს გააგებინოს.

ღონისძიებები

Nuits de Fourvière

საფრანგეთის ქალაქ ლიონში, Théâtre Antique de Fourvière-ში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია,  2 ივნისიდან 26 ივლისის ჩათვლით Nuits de Fourvière მუსიკალურ ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის პროგრამა, როგორც წესი, გვთავაზობს  ჟანრებისა და შემსრულებლების საინტერესო ეკლექტიკურ ნაზავს. წელს ფესტივალზე 90-იანი წლების ჰიპ-ჰოპის ფავორიტები: Cypress Hill,  Portishead-ის სოლისტი ბეთ გიბონსი, ფსიქოდელიური პანკჯგუფი „ლა ფემი“, ნეოკლასიკური კომპოზიტორი მაქს რიხტერი და დუბლინის კვინტეტი Fontaines D.C. გამოვლენ  და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.  ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

Primavera Sound Barcelona

მუსიკალური ფესტივალის საღამო 2024 – Silvia Villar

ასევე მალე დაიწყება კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური ფესტივალი Primavera Barcelona. ხუთი დღის განმავლობაში მზის, ზღვისა და მუსიკალური დღესასწაულის ფარგლებში Parc del Fòrum  უმასპინძლებს მსოფლიოს უდიდეს შემსრულებლებს. ესენი არიან: Charli XCX, ჩაპელ როანი, საბრინა კარპენტერი, FKA Twigs, Caribou და Beach House. და თუ ვერ შეძლებთ ამ ღონისძიებაზე დასწრებას, არ აღელდეთ, Primavera Sound Porto მალევე, 12-14 ივნისს გაიმართება.

ფილმები

From the World of John Wick: Ballerina


.

„ხალხი გამუდმებით მეკითხება, დავბრუნდი თუ არა და ამაზე პასუხი ჯერ არც მე მაქვს, მაგრამ ალბათ კი“. მართლაც, ყველასთვის საყვარელი შურისმაძიებელი მკვლელი, ჯონ უიკი (კიანუ რივზი), დიდ ეკრანზე ბრუნდება. ჯონ უიკი აღარ არის მხოლოდ მძაფრსიუჟეტიანი ფრენჩაიზის ვარსკვლავი, მან საკუთარი კინემატოგრაფიული სამყარო შექმნა. ორი წლის წინ ამ ყველაფერმა  სერიალი „კონტინენტალი“ მოგვიტანა, ახლა კი: შურისძიების რომანი, რომლის მთავარი პერსონაჟი ობოლი, ბოროტი ბალერინა, ივ მაკაროა (ანა დე არმასი). დაელოდეთ ფილმის სრულ მიმოხილვას, რომელიც ამ კვირაში გამოვა.

„ფინიკიური სქემა“


.

კანის კინოფესტივალის შემდეგ უეს ანდერსონის ახალი ფილმის „ფინიკიური სქემის” ჩვენება დიდი ბრიტანეთის კინოთეატრებში 30 მაისს გაიმართება. ფილმში არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობს, მათ შორის სკარლეტ იოჰანსონი, ბილ მარი და ბენედიქტ კამბერბეჩი. მოქმედება 1950-იან წლებში ვითარდება. ჩვენ მივყვებით თავდაჯერებული ბიზნესმენის ზა-ზა კორდასა (ბენისიო დელ ტორო) და მისი მონაზონი ქალიშვილის, დას ლისლის (მია თრიპლტონი), კვალს. ისინი ცდილობენ ინვესტიციების მოზიდვას გამოგონილი ადგილის – ფინიკიისთვის. პარალელურად ისინი თავს არიდებენ და გაურბიან მაგნატთა  ექსცენტრულ ჯგუფს. ფილმთან დაკავშირებით ჩვენი კინოკრიტიკოსის სრული მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

სერიალები

სტიკი


.

როგორც წესი, ფილმებსა და სერიალებში გოლფს სერიოზულად არ აღიქვამენ. ბევრს ახსოვს ადამ სენდლერის „ბედნიერი გილმორი“ ან ლარი დევიდის მიერ ამ სპორტის გაშარჟება. გოლფი ასევე ხშირად კომპანიების შუახნის ხელმძღვანელებთან ასოცირდება. თუმცა ამ დამოკიდებულებას ცვლის სერიალი Stick. ფილმი მოგვითხრობს ყოფილ გოლფისტ პრაის კეჰილზე (ოუენ უილსონი), რომელიც პრობლემური მოზარდის, სანტი უილერის (პიტერ დაგერი) გაწვრთნაში ახალ მიზანსა და მოტივაციას პოულობს. ეს არის ფორმატი, რომელიც, როგორც წესი, სპორტულ თემატიკას ეძღვნება,  მაგრამ ამავე დროს,  პოპულარული  „ტედ ლასოს“ მსგავსად გულისამაჩუყებელიცაა.  მართლაც,  შესანიშნავია უილსონის ეკრანზე მთავარ როლში  დაბრუნება. ის ხომ ყველას ძალიან მოგვენატრა.

Kaizen


.

წელს ჩვენ ვესაუბრეთ Inoxtag-ს, 23 წლის ფრანგ იუტუბერს, რომელსაც სოციალური მედიის პლატფორმებზე  20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. თუ მის შესახებ არაფერი გსმენიათ, ჰკითხეთ თქვენს შვილებს ან მეგობრების შვილებს. ბევრი სხვა ინფლუენსერისგან განსხვავებით Inoxtag-მა თავისი პოპულარობა გამოიყენა და სოციალური ქსელი აქცია თამამი პროექტების წამოწყების პლატფორმად. ერთ-ერთი ასეთი პროექტია  ციფრული სპორტის გუნდი Croûton. თუმცა მისი უახლესი თავგადასავალი შესაძლოა ყველაზე ამბიციური იყოს. Kaizen იუტუბერის ერთი წლის განმავლობაში ევერესტის მთაზე ასვლის შესახებ მოგვითხრობს. ეს არის  დოკუმენტური ფილმი, რომელიც გვახსენებს, რომ ოცნება კარგია და აუცილებლად  უნდა გამოვეთიშოთ ციფრულ ტექნოლოგიებს.

მუსიკა

ლიტლ სიმზი: ლოტუსი


.

მრავალგზის ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი რეპერი ლიტლ სიმზი დაბრუნდა. სამი წელი გავიდა მისი ბოლო ალბომის No Thank You-ის გამოშვებიდან. ის მერკურის პრიზის მფლობელი ალბომის Sometimes I Might Be Introvert-ის შემდეგ გამოვიდა. მეცხრე ალბომში შესულია ცნობილი სიმღერები Flood და Free, რომლებიც იმაზე მიანიშნებს, რომ წინ გველის მელოდიური ჰანგები, რომლებმაც შეიძლება ცხოვრებაც კი შეცვალოს. ალბომში ასევე შესულია რამდენიმე შთამბეჭდავი  მუსიკოსის, მათ შორის იუსეფ დეისის, Obongjayar-ის, Little Dragon-ის იუკიმი ნაგანოსა და მაიკლ კივანუკას სიმღერები. ალბომის გამოსვლა 6 ივნისს იგეგმება.

Pulp: More


.

გასული წელი ბრიტანული პოპის აღორძინებისთვის მნიშვნელოვანი იყო — კერძოდ, Oasis-ის მიერ ხელახლა შეკრებისა და ყველა გაყიდული ბილეთის გამოცხადების ან ანდრეა არნოლდის Bird-ში Blur-ის The Universal-ის ბრწყინვალე გამოყენების გამო. ახლა კი ჯგუფი, Pulp მალე თავის მერვე სტუდიურ ალბომს გამოუშვებს. ეს პირველი ალბომი იქნება We Love Life-ის შემდეგ. მისი სიმღერები, მაგალითად,  Spike Island, 90-იანი წლების ნოსტალგიას იწვევს, ხოლო ჯარვის კოკერის გამორჩეულ ვოკალს მყისიერად გადავყავართ ძველი ქუდების, დიდი ზომის პალტოებისა და მიმზიდველი ჰანგების ეპოქაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend