მთავარიევროპასაფრანგეთი„პოლარის 25“ - საფრანგეთის საზღვაო მანევრები ატლანტის ოკეანეში

„პოლარის 25“ – საფრანგეთის საზღვაო მანევრები ატლანტის ოკეანეში

საფრანგეთის საზღვაო ძალები ატლანტის ოკეანესა და ლა-მანშის სრუტეში მასშტაბურ სამხედრო საზღვაო სწავლებას მართავენ.

საზღვაო მანევრებში ჩართულია 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 20-ზე მეტი სხვადასხვა კლასის ხომალდი და 40-ზე მეტი საფრენი აპარატი. საფრანგეთის საზღვაო ძალების ინფორმაციით, სწავლება წარმოადგენს „პოლარის 25“  ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საზღვაო წვრთნას, რომელიც რეალურ საბრძოლო ოპერაციებში მომზადებას გულისხმობს.

ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობებზე ისაუბრა საფრანგეთის  პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც.  ფრანგულ ტელევიზიასთან ინტერვიუში მან ყურადღება გაამახვილა  იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საფრანგეთი დგას. მათ შორის ისაუბრა ევროპულ თავდაცვაზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე და, რა თქმა უნდა, უკრაინაზე. ამასთან ემანუელ მაკრონმა აღნიშნა,  რომ საფრანგეთი ახლა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. „ჩვენ ბირთვული შეკავების ძალა ათწლეულებია, გვაქვს.

თუმცა ჩვენ არ ვემზადებოდით ფრონტის ან ფართომასშტაბიანი სახმელეთო ომისთვის. ჩვენი თავდაცვის მოდელი  განსხვავებულია. ჩვენ გვყავს ევროპაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმია, საზღვაო ფლოტი და გამორჩეული მაღალი სტანდარტის საჰაერო და კოსმოსური ძალები. საფრანგეთს ჰყავს ნამდვილად ავტონომიური არმია ევროპაში. რაც შეეხება ომის ეკონომიკას… რა გავაკეთეთ? დავიწყეთ ყურადღების გამახვილება იმაზე, რაც გვჭირდება.

გავზარდეთ წარმოების ტემპი: „ცეზარის“ საარტილერიო სისტემების — სამჯერ, „რაფალის“ გამანადგურებელ თვითმფრინავებს ორჯერ მეტს ვაწარმოებთ,  ვიდრე ეს იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომენტში. პროგრესი გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო სწრაფად და ძლიერად უნდა წავიდეთ წინ, როდესაც საქმე შეიარაღებას ეხება. წინ უნდა წავიდეთ!“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ფრანგული სამხედრო სწავლება „პოლარის 25“ ევროპისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების სამხედროებსაც მასპინძლობს.

როგორც საფრანგეთის თავდაცვის  სამინისტრო იუწყება, სწავლების კონცეფცია 2021 წელს შეიქმნა და ასახავს სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ომის დაწყებამდე მოგებასა და მაღალი ინტენსივობის ბრძოლისთვის მზადყოფნას ითვალისწინებს.

წვრთნა’ში მონაწილეობენ სამხედრო შენაერთები ბრაზილიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან. 2024 წელს ამ მანევრებში ფრანგული ატომური ავიამზიდი მონაწილეობდა. წელს ეს ხომალდი წვრთნებში არ ჩაერთვება, რადგან ახალი დაბრუნებულია ინდო-წყნარი ოკეანის მისიიდან. თუმცა სწავლების დროს იყენებენ ფრანგულ ატომურ წყალქვეშა ხომალდებს.

საფრანგეთი კიდევ უფრო აძლიერებს თავდაცვის შესაძლებლობებს. გარდა სწავლებებისა, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ დიდი ყურადღება ექცევა თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებასაც.

გვინდა, კერძო კაპიტალის მობილიზება. აქამდე კერძო ინვესტორები თავდაცვით სექტორში რატომ არ შედიოდნენ? იმიტომ, რომ მრავალი წლის განმავლობაში ევრორეგულაციები თავდაცვის მიმართ ნეგატიურად მოქმედებდა. ჯარიმები უწესდებოდა იმ  ინვესტორებს, რომლებიც ამ სფეროში შედიოდნენ. ამიტომ ვულოცავ  იმ ფრანგ ფინანსისტებს, რომელთაც ეს ნაბიჯი ახლა  გადადგეს. ახლა მიმდინარეობს  ამ სისტემის გადახედვა და ხელახლა ვაყენებთ დღის წესრიგში. ასევე, მივიღებთ დამატებით სახელმწიფო შეკვეთებს და დავაჩქარებთ პროცესებს“,  – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის მასშტაბური საზღვაო მანევრების დაწყებას დაემთხვა ბრიტანეთისა და იტალიის  საზღვაო სწავლების დასრულება.  ეს წვრთნები ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში გაიმართა.

მასში ჩართული იყო ნატოს წევრი 9 ქვეყნის 21 ხომალდი, 3 წყალქვეშა ნავი, 40-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, ვერტმფრენები და 8000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.

ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო მანევრებში იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ავიამზიდთა დაჯგუფებაც მონაწილეობდა და დავალებების შესრულების დროს იტალიურმა ავიაგამანადგურებლებმა ბრიტანული ავიამზიდიც გამოიყენეს.

როგორც სწავლების ხელმძღვანელობამ განაცხადა, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერობით ნატოს სწავლება ორიენტირებული იყო ტრადიციულ და ასიმეტრიულ საფრთხეებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend