„ტვ პირველის” ინფორმაციით, არხის საინფორმაციო გამოშვების ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, რომელიც გუშინ დააკავეს, გადაიყვანეს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მას ადვოკატი მოინახულებს.
„ტვ პირველმა” განცხადება გაავრცელა და ახალი ამბების სამსახურის ოპერატორის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ლაშა ჯიოშვილის დაკავების შესახებ განცხადება ასევე გაავრცელა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ. განცხადებაში წერია, რომ ოპერატორი პოლიციამ „სავარაუდოდ, მაშინ გაიტაცა”, როცა ის აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტვ პირველის” ახალი ამბების ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.