საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში მაიდანი ვერ შედგება. მისი თქმით, ის რესურსი, მათ შორის პიროტექნიკის, რაც მომიტინგეებს აქვთ, დიდი გეგმის ნაწილი იყო და თბილისის ქუჩებში წინასწარ მომზადებული სცენარით მოქმედებენ.
„ამ დღეების განმავლობაში უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც კი ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, მათ გამოიყენეს ბოლომდე საჯარო სამსახურში არსებული რესურსი. ამ რესურსის გამოყენება მათ შეეძლოთ, მაგალითად, ამ გაზაფხულზეც, ან წინა გაზაფხულზე, ან 2022 წლის ივნისშიც, თუმცა ხედავდით, რომ გარკვეულ რესურსებს იტოვებდნენ და ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, საჯარო სამსახურში, მათ გამოიყენეს სწორედ ამ დღეებში. თუმცა ხედავთ, რომ არც ეს რესურსი გამოადგათ საბოლოო ჯამში „ნაცმაიდნის” წარმატებისთვის. საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ წინა დღეების განმავლობაში საჯარო მოსამსახურეებს სამსახურიდან წამოსვლისკენ, ახლა პირიქით, მას შემდეგ, რაც ჩავარდა „ნაცმაიდანი”, მოუწოდებენ საჯარო მოსამსახურეებს, რომ არ დატოვონ საჯარო სამსახურები. ქცევის ეს ცვლილება თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას მოქმედებას და ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება, ეს რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსასმენად, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წუხან „ნაცმაიდნის” მცდელობის გამო და იმ ვითარების გამო, რომელიც შექმნეს რადიკალურმა პოლიტიკოსებმა ამ დღეების განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში”.
პრემიერი ამბობს, რომ აშშ-ის ელჩსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაანონსებული შეხვედრა არ შემდგარა.
„აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა არ შემდგარა. რასაც ვამბობთ, ზუსტად ამ სცენარში ჯდება. მოქმედ ადმინისტრაციას აშკარად არ სურდა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ელჩი არის დამოკიდებული იმაზე, რასაც ეტყვის მისი ადმინისტრაცია. ამაზე ელჩი არ იღებს თავად გადაწყვეტილებას. ეს ყველაფერი არის იმის მანიშნებელი, რომ ყველაფერი არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. გრძელდებოდა შანტაჟი, ჩვენი ქვეყნის მიმართ არასწორი მიდგომით მოქმედება”, – აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერმა ისაუბრა შესაძლო დისკუსიაზე ოპონენტებთან და თქვა, რომ მზადაა 11-12-კაციანი შემადგენლობის წინაშე წარდგეს და მიმდინარე საკითხებზე ისაუბროს. დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძე დისკუსიის შეთავაზების ავტორებს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღებს, პირდაპირი სატელევიზიო ეთერის ფორმატით დაგეგმილ შეხვედრაზე.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა. ვთავაზობთ მათ ათამდე თანამოაზრესთან ერთად ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში“,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.