გუშინ, 21 ნოემბერს კონგრესმენმა მეტ გეცმა, რომელიც დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ განცხადება მან პლატფორმა X-ზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი მხარდაჭერისა, მას არ სურს, დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვანსის მუშაობა შეაფერხოს.
I had excellent meetings with Senators yesterday. I appreciate their thoughtful feedback – and the incredible support of so many. While the momentum was strong, it is clear that my confirmation was unfairly becoming a distraction to the critical work of the Trump/Vance…
— Matt Gaetz (@mattgaetz) November 21, 2024
მეტ გეცი ტრამპის მიერ წარდგენილი მორიგი კანდიდატია, რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია სენატორებს შორის.
საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს მისი წარსულის შესახებ. ზოგიერთი ქალი მას მისი კონგრესმენობის დროს სქესობრივი კავშირისთვის თანხის გადახდაში სდებდა ბრალს. მსგავსი საჩივრით ორმა ქალმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტსაც მიმართა.
მეტ გეცის კანდიდატურას აკრიტიკებდნენ თავად რესპუბლიკური პარტიის სენატორებიც, რაც აჩენდა ეჭვს, რომ ის სენატის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა.
“თავიდანვე შეშფოთებული ვიყავი, ბრალდებების მიუხედავად, მისი კანდიდატურა რომ წარადგინეს. თუმცა ეს კიდვე უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რომ მან სენატში შესაბამისი პროცედურა გაიაროს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მისი წარსულის შესახებ სრული ინფორმაცია გვაქვს და ამ ინფორმაციის საჯაროდ განხილვას შევძლებთ“, – ამბობს სიუზენ კოლინზი, მეინის სენატორი.
მეტ გეცის განცხადებიდან რამდენიმე საათში დონალდ ტრამპმა წარადგინა ახალი კანდიდატი პემ ბონდი, რომელიც ფლორიდის ყოფილი და აგრეთვე, პირველი ქალი გენერალური პროკურორია.
პემ ბონდი დონალდ ტრამპის დიდი ხნის მოკავშირეა და პირველი იმპიჩმენტის დროს სასამართლოში მისი ადვოკატი იყო. მაშინ ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ედებოდა ბრალი.
„დონალდ ტრამპი ძალიან ბევრს მუშაობს, რათა საუკეთესო ადამიანების გარემოცვაში იყოს. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ“, – ამბობს პემ ბონდი.
რამდენად დაუჭერენ მხარს გენერალური პროკურორის ახალ კანდიდატურას სენატორები, ჯერჯერობით უცნობია.