დაღესტანში ბოლო დროს მომხდარი მასიური შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ დროებით აკრძალეს ნიქაბის ტარება ქალებისთვის. მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო პირმა ეს გადაწყვეტილება 3 ივლისს გამოაცხადა. მუსლიმი ქალები ნიქაბს სახის დასაფარად იყენებენ. სასულიერო პირის განმარტებით, ეს აკრძალვა გამომდინარეობს უსაფრთხოების ზომებიდან, რომლებიც შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ გამკაცრდა.
23 ივნისს დაღესტანში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ მართლმადიდებელ ეკლესიებს, სინაგოგასა და პოლიციის ბლოკპოსტს. კოორდინირებულ თავდასხმებს 22 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
თავდასხმებიდან მალევე გავრცელდა ცნობა, რომ ერთ-ერთმა შეიარაღებულმა პირმა გაქცევა სწორედ ნიქაბის გამოყენებით სცადა. ამის შემდეგ გადაწყვიტა დაღესტნის მუფთმა ნიქაბის დროებით აკრძალვა.
„მუფთი დროებით კრძალავს ნიქაბის ტარებას, ვიდრე მოსალოდნელი საფრთხე არ აღმოიფხვრება“, – ნათქვამია დაღესტნის მუფთის მოადგილის, აბდულა სალიმოვის, განცხადებაში.