მთავარიმსოფლიოისრაელი და ირანი ომის ზღვარზე

ისრაელი და ირანი ომის ზღვარზე

ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ გასროლილი რაკეტების ნაწილმა ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებამდე მიაღწია.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ თეირანის მიერ გაშვებული სამხედრო დრონებისა და რაკეტების 99% ჩამოაგდეს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კი ისრაელისა და ირანის წარმომადგენლები ერთმანეთს აკრიტიკებდნენ.

“მე არაერთხელ მომიწოდებია დამსწრე საზოგადოებისთვის, რომ ირანული რეჟიმის გასამართლებაა საჭირო, არაერთხელ მითქვამს, რომ ირანის ამბიციები რეგიონულ ომამდე მიგვიყვანს, დიდი ხანია მსოფლიოს ვაფრთხილებდით ირანიდან მომავალი საფრთხის შესახებ“, – განაცხადა გილად ერდანმა, ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში. 

“ჩვენი მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომი არ გახლავთ, მაგრამ თუ ვაშინგტონი გადაწყვეტს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯების გადადგმას, ჩვენ შესაბამის პასუხს გავცემთ ამერიკულ მხარეს”, – განაცხადა ამირ ირავანმა, გაეროში ირანის ისლამური რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა.

ისრაელსა და ირანს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაც: “გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა, რომ რეგიონში ვითარება რაც შეიძლება მალე განიმუხტოს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ, რაც შეიძლება მალე გავუწიოთ დახმარება. კიდევ ერთი რეგიონული ომი მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურას დიდ ზიანს მიაყენებს“.

ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირების შესახებ ისაუბრეს დასავლური ქვეყნების ლიდერებმაც.

„ირანმა პირველად მიიტანა იერიში პირდაპირ ისრაელზე, ეს აქამდე არასოდეს მომხდარა. ეს ძალიან სახიფათოა, გამომდინარე აქედან, ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ დაიძაბოს”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

ირანი გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა დეივიდ კამერონმა: “ეს იერიში სრული წარუმატებლობით დასრულდა. კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ როგორი უარყოფითი როლი აქვს ირანს რეგიონში. იმედი მაქვს, რომ ისრაელი ირანს პასუხს არ გასცემს და ყურადღების ცენტრში კვლავ “ჰამასი” მოექცევა“.

საერთაშორისო ძალისხმევის მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაძაბულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend