ევროპარლამენტმა 750 მილიარდი ევროს მოცულობის ეკონომიკის აღდგენის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი 582 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 40 -ზე მეტი წინააღმდეგი იყო, 69 ევროპარლამენტარმა კი ხმის მიცემისაგან თავი შეიკავა.
ევროპარლამენტარი მარგარიდა მარკესი ამბობს, რომ ფულადი დახმარება პირველ რიგში მოქალაქეებს, ოჯახებს და სახელმწიფოებს უნდა მიეწოდოს.
“ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოები, ამ ბიუჯეტის შესავსებად ფინანსური რეზერვების მობილიზაციის რატიფიცირების პროცესში არიან,” – მარგარიდა მარკესი
ეკონომიკის აღდგენის ბიუჯეტით მოძიებული ფინანსური რესურსები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის რაოდენობის, უმუშევრობის დონის და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის საფუძველზე გადანაწილდება.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა 30 აპრილამდე უნდა წარადგინონ ეკონომიკის აღდგენის ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსების გახარჯვის ეროვნული გეგმა.
ევროპარლამენტარი იოჰან ვან ოვერტველდი ამბობს, რომ აუცილებელია თანხები რეფორმების გატარებისა და პრაგმატული საზოგადოებრივი მიმართულებით დაიხარჯოს და გასათვალისწინებელია ხარჯის ეფექტიანი კონტროლიც.
ციფრული და მწვანე ეკონომიკის მქონე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა ეკონომიკის აღდგენის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის 37 პროცენტი კლიმატის სფეროში ხოლო 20 პროცენტი ციფრულს სფეროში უნდა დახარჯონ. ამ ეტაპისათვის ევროკავშირის წევრმა 19 სახელმწიფომ ეკონომიკის აღდგენის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების დახარჯვის გეგმა წარადგინა.