„გილოცავთ! ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, რომ მან კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – ამ სიტყვებით მიმართა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მოსახლეობას.
ელჩმა ევროკომისიის დადებითი შეფასება მიულოცა ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, უპირველესად კი ქართველ ხალხს.
„ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება. ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისი სურვილიც არ იქნებოდა, რომ მის ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია უკავშირდება მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას, რომელთა განხორციელებაც შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გადამწყვეტი იქნება.