რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ევროკავშირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა მისი სუვერენული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის გამო. სარჩელი ლუქსემბურგში, მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში, გასულ კვირას დარეგისტრირდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია უკვე მიმდინარე კვირას მოკლე წერილობითი განცხადებით გავრცელდა.
რუსეთის წინააღმდეგ ეს შემზღუდავი რეგულაცია ევროპულმა ბლოკმა იმ მოტივით დააწესა, რომ აგრესორი ქვეყნის წინაშე საკუთარი ბერკეტები განემტკიცებინა, მათ შორის უკრაინაში რუსული ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკომისიამ რუსეთის სარჩელი უარყო.
„ეს სარჩელი წარდგენილია რუსეთის მხრიდან მზარდი იურიდიული პრეტენზიების ფონზე, რომელიც გამოწვეულია ჩვენი მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ზომებით. ამ საკითხის ირგვლივ ჩვენი პოზიციების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, სარჩელი ჩვენთვის გასაკვირი არ ყოფილა. შემიძლია გითხრათ, რომ სრულად ვართ დარწმუნებული აღნიშნული რეგულაციის კანონიერებაში და მის შესაბამისობაში ევროკავშირის თუ საერთაშორისო სამართალთან“, — აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა, ბალაზს უჯვარიმ.
რუსეთის გაყინული აქტივები ევროკავშირის ფარგლებში 210 მილიარდ ევროს ითვლის. თანხის უმრავლესობა, 185 მილიარდი ევრო, ბრიუსელში დაფუძნებულ სადეპოზიტო კომპანიაში „Euroclear“-შია განთავსებული, რომელიც 1968 წლიდან ფასიან ქაღალდებზე სპეციალიზდება. რუსეთის სარჩელი ამ კომპანიასაც ეხება.
მიუხედავად თავდაპირველი წინააღმდეგობებისა, ეკონომიკური ბლოკის წევრმა სახელმწიფოებმა ევროპაში რუსული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება დეკემბერში მაინც შეათანხმეს ინტენსიური მოლაპარაკებების ფონზე, რომლის მიზანიც უკრაინისთვის დამატებით 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების უზრუნველყოფა იყო.
