კატეგორიები

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს
Copyright AP Photo
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ევროპული ქვეყნები რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების ევაკუაციას აგრძელებენ. პრაღაში დაეშვა პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთიდან ჩეხეთის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა.

ჩეხეთის სამხედრო საჰაერო ძალების Airbus-მა, რომელიც იორდანიიდან გაფრინდა, დაახლოებით 40 მგზავრი ჩაიყვანა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტრ მაჩინკას განცხადებით, ევაკუაციის ოპერაცია რთულ პირობებში მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, გვიწევს იმ პირობებთან შეგუება, რომლებშიც ვმოქმედებთ,  იქნება ეს ამინდი თუ საჰაერო მოძრაობა. ზოგიერთი რეისი იმიტომაც იგვიანებს, რომ დამოკიდებულები ვართ იმაზე, როდის მივიღებთ ფრენის ნებართვას შესაბამისი ქვეყნებისგან. შეიძლება ისე არ ჩანდეს, მაგრამ ეს პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ ერთი თვითმფრინავის გაგზავნა ერთ კონკრეტულ ადგილზე” - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრ მაჩინკამ.

ჩეხეთის მთავრობა კიდევ ორ სპეციალურ რეისს გეგმავს. ერთ-ერთი თვითმფრინავი ეგვიპტიდან ჩამოიყვანს ჩეხეთის მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელიდან ავტობუსებით გადაიყვანეს, მეორე რეისი კი ომანიდან იქნება.

ჩეხეთის მთავრობის მონაცემებით, საფრთხის ზონაში ამ დროისთვის დაახლოებით ჩეხეთის 6 400  მოქალაქე იმყოფება.

„მსგავსი სიტუაცია დღეს მსოფლიოში თითქმის ყველგან არის. ყველგან დაძაბულობა იგრძნობა. თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ველოდით, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. როცა პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და მეორე დღეს ომი იწყება, მე რა უნდა ვიფიქრო? მე ინფორმაცია არ მაქვს“ - ამბობს ჩეხეთის მოქალაქე ზდენეკ ვიქტორინი.

ეგვიპტის გავლით ბალკანეთის ქვეყნებიდან დაახლოებით 70 ადამიანი გაიყვანეს.

სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, დამიან იოვიჩის ინფორმაციით, გამოყვანილ მოქალაქეებს შორის იყვნენ სერბეთის მოქალაქეები, ასევე მგზავრები მეზობელი ქვეყნებიდან: ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან.

მოქალაქეების ნაწილი ისრაელიდან  ავტობუსებით ჯერ ეგვიპტეში გადაიყვანეს,  შემდეგ კი სამშობლოში დააბრუნეს.

ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანზე განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ რეგიონში ათიათასობით მგზავრი სხვადასხვა აეროპორტში დარჩა.

ექსპერტები ამბობენ, რომ უახლოეს დღეებსა და კვირებში დაგეგმილი რეისებიც შესაძლოა შეფერხდეს, რადგან კონფლიქტი ფართოვდება და სპარსეთის ყურის ქვეყნებში საპასუხო სამხედრო მოქმედებები გრძელდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის რეგიონი, სადაც აეროპორტები მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო ჰაბს წარმოადგენს და ევროპას, აფრიკასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს.

ამიტომ რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებამ შეიძლება გავლენა იქონიოს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთზე, არამედ გლობალურ ავიამიმოსვლაზეც.

Related news
კონფლიქტის მეექვსე დღე ახლო აღმოსავლეთში ისრაელს იერიშები მიაქვს „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში