კატეგორიები

ისრაელს იერიშები მიაქვს „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში

ისრაელს იერიშები მიაქვს „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში
Copyright AP
5 მარტს, დილის საათებში, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელმა განაცხადა, რომ მათ ძალებს კვლავ მიაქვთ იერიში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურაზე.

როგორც ლიბანის ოფიციალური პირები ამბობენ, კონფლიქტის გამწვავების შემდეგ 70-ზე მეტი პირი დიაღუპა. მათ შორისაა „ჰეზბოლას“ დაზვერვის წარმომადგენელი.

ისრაელის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს 4 მარტსაც. 4 მარტს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათი სამიზნეები მიწისქვეშა იარაღის საწყობები და დამატებითი სამეთაურო ცენტრები იყო.

არმიის ინფორმაციით, ისრაელმა ბოლო 48 საათის განმავლობაში ლიბანში „ჰეზბოლას“ 250-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.

ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბეირუთის მთავარ  გზატკეცილზე, რომელიც „აეროპორტის გზის“ სახელითაა ცნობილი, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ორ ავტომობილზე ერთდროულად ორი დრონით მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაიჭრა.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათი სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი წევრი იყო. მათივე თქმით, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ომში ჩართვის შემდეგ „ჰეზბოლას“ ლიდერმა ნაიმ კასემმა თავის პირველ საჯარო მიმართვაში განაცხადა, რომ ლიბანის მებრძოლი დაჯგუფება არ ეთანხმება მთავრობის გეგმას, რომელიც მისი მებრძოლების განიარაღებას ითვალისწინებს.

„სანამ ისრაელის ოკუპაცია არ დასრულდება, წინააღმდეგობა და მისი შეიარაღება ლეგიტიმური უფლებაა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თავდაცვა, გავანადგუროთ ჩვენი მტრის - ისრაელისა და აშშ-ს -  სამიზნეები და მტკიცედ დავრჩეთ ჩვენს პოზიციაზე, ჩვენ არასდროს გავიზიარებთ მტრის გეგმებს. მთავრობის პასუხისმგებლობაა, აღადგინოს ლიბანის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი ხალხი და წინააღმდეგობის უფლება, სანამ აგრესია არ დასრულდება და ისინი არ გავლენ ჩვენი მიწიდან და ქვეყნიდან.” - ამბობს, „ჰეზბოლას“ გენერალური მდივანი ნაიმ კასემი.

ისრაელმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა პასუხია „ჰეზბოლას“ მებრძლების ქმედებისა. როგორც ცნობილია,  ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ისრაელს ცეცხლი გაუხსნა, როდესაც  ისრაელმა და აშშ-მ ერთობლივად მიიტანე იერიში ირანზე.

„ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ კვლავ ცდილობს, ზიანი მიაყენოს  ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებას. „ჰეზბოლამ“ დღეს ქვეყნის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაისროლა და სამხრეთ ლიბანში მოქმედ ჩვენს ძალებს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები დაუშინა, რის შედეგადაც  ისრაელის თავდაცვის ძალების ორი ჯარისკაცი დაიჭრა.” - განაცხადა ისრაელის სამხედრო ძალების სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა.

ოფიციალური პირების ცნობით, ომმა ირანში 1000-ზე მეტი ადამიანი, ლიბანში 50-ზე მეტი და ისრაელში დაახლოებით ათეული ადამიანი იმსხვერპლა.

Related news
ისრაელს იერიშები მიაქვს „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში სამხრეთ ლიბანში სამხედრო მოქმედებები გრძელდება