ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, ოთხშაბათს ევროკომისიამ ინდუსტრიული გეგმა წარადგინა სახელწოდებით „წარმოების დამაჩქარებელი აქტი“. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კონტინენტმა ინდუსტრიულ ნაწილში პრიორიტეტები საკუთარ, ევროპულ პროდუქციაზე გააკეთოს.
უფრო ფართო გაგებით, ახალი სტრატეგია საჯარო დაფინანსების კუთხით ევროპაში მნიშვნელოვნად შეზღუდავს ჩინეთს და პეკინს გაურთულებს ევროპაში ინვესტიციების განხორციელებას. ამას პირადად ევროკომისია გააკონტროლებს. ახალი სტრატეგია სამ საკვანძო სფეროზეა ფოკუსირებული: ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები, მანქანების წარმოება და ენერგოინტენსიური მრეწველობა, კერძოდ ალუმინის, ფოლადისა და ცემენტის წარმოება.
„თუ ჩვენ დღეს არაფერს გავაკეთებთ, უახლოეს რამდენიმე წელიწადში მაღალი ალბათობით ტექნოლოგიების 100% — იქნება ეს ე.წ. „ქლინტექისა“ თუ სხვა მიმართულებით — წარმოებული იქნება ჩინეთში. მაღალი ალბათობით, ჩვენს ცემენტის მრეწველობასა თუ ფოლადის ინდუსტრიას 100%-იანი აუთსორსი შეეხება. და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტექნოლოგიები უნდა იყოს სტრატეგიული და ის ევროკავშირს უნდა დაეხმაროს უპასუხოს ტექნოლოგიურ გამოწვევებს, მაშინ ჩვენ დაგვჭირდება შესაბამისი ხელსაწყოები, როგორც კომერციული თავდაცვის, ისე ევროპაში წარმოების თვალსაზრისით“, — აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, სტეფან სეჟურნემ.
ახალი წინადადება ითვალისწინებს გარკვეული ზღვარის დაწესებას პრინციპით „დამზადებულია ევროპაში“. კერძოდ, ელექტრომობილებისთვის დაწესდება მოთხოვნა, რომ მათი შემადგენლობის 70% ევროკავშირში იყოს დამზადებული. ამ სტრატეგიაში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი გამონაკლისიც, კერძოდ ელემენტების კომპონენტში. 25-25%-იანი ზღვარი დაწესდა ცემენტისა და ალუმინის შემთხვევაში.
ყველაფერთან ერთად ევროკომისიის შეთავაზებაა, ევროპაში წარმოებულის სტატუსი გავრცელდეს იმ პროდუქტებზეც, რომლებიც ბლოკში იმ სავაჭრო პარტნიორებისგან ხვდება, ვისთანაც ბრიუსელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული და ორმხრივ სარგებელს ითვალისწინებს, განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში.
ეს კი, თავის მხრივ, გამორიცხავს ჩინეთსა და აშშ-ს, რომლებსაც ამგვარი შეთანხმებები ბლოკთან არ აქვთ. შესაძლოა, ამ სიაში მოხვდეს ევროკავშირის თანამოაზრე სხვა პარტნიორებიც, როგორიცაა, მაგალითად, კანადა, რომელშიც იგივე მიდგომები დანერგვის პროცესშია და „იყიდე კანადაში“ პრინციპი შესაძლოა მალე ევროკავშირის კომპანიებსაც შეეხოს.
