რუსეთმა უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ მიკოლაივზე დრონებით მიიტანა იერიში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი იყო.
მიკოლაივის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დაზიანებული მატარებელი და მეხანძრეები, რომლებიც ვაგონში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის დროს მატარებელს სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა და მასში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.
ამავე დროს, რუსეთის თავდასხმამ მსხვერპლი გამოიწვია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკშიც. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ლიახის განცხადებით, გვიან ღამით მიტნილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, დაზიანებულია 63 საცხოვრებელი სახლი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის შუამავლობით დაგეგმილი სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინას, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გადაიდო. ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობაა.
ზელენსკის თქმით, ამ ეტაპზე ირანში არსებული ვითარების გამო მოლაპარაკებების განსაახლებლად აუცილებელი პოლიტიკური სიგნალი არ არსებობს, თუმცა როგორც კი უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გარემო ამის საშუალებას მისცემს, დიპლომატიური პროცესი გაგრძელდება.
„ვესაუბრე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვს ამერიკულ მხარესთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ამერიკასთან ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ კავშირს. ამ ეტაპზე ირანის გარშემო არსებული ვითარების გამო სამმხრივი შეხვედრისთვის საჭირო სიგნალი არ არსებობს. თუმცა როგორც კი უსაფრთხოების მდგომარეობა და ზოგადი პოლიტიკური კონტექსტი საშუალებას მისცემს მუშაობის გაგრძელებას, ეს აუცილებლად მოხდება. უკრაინა ამისთვის მზად არის.
მადლობას ვუხდი სადაზვერვო სამსახურებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ყველა ჩართულ უწყებას იმ ნაბიჯებისთვის, რომლებიც მომავალში ტყვეთა გაცვლის შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რუსეთის ტყვეობიდან ყველა დავაბრუნოთ სახლში. იმედი გვაქვს, რომ მალე კარგ ამბებს მოვისმენთ” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმა.
უკრაინაში ომი უკვე მეოთხე წელია გრძელდება. ბოლო პერიოდში რუსეთი უკრაინაში აქტიურად იყენებს დრონებს და სარაკეტო იერიში მიაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე, რის გამოც ზიანდება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ამავე დროს, კიევი დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობას აგრძელებს როგორც სამხედრო მხარდაჭერის, ისე დიპლომატიური მიმართულებით.
