კატეგორიები

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ევროკავშირის ბუნებრივი აირის მიწოდების ბაზარს თავად დატოვებს

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ევროკავშირის ბუნებრივი აირის მიწოდების ბაზარს თავად დატოვებს
Copyright AP Photo
„შესაძლოა, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იყოს, თუ ახლავე შევწყვეტთ ევროპულ ბაზარზე მიწოდებას, განვითარებად ბაზრებზე გადავინაცვლებთ და იქ გავიმყარებთ პოზიციებს“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და განმარტა, რომ თუკი ევროპამ მალე თავად უნდა თქვას უარი რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე, მოსკოვს ამის გაკეთება ახლა შეუძლია.

„ეს არა გადაწყვეტილება, არამედ უბრალოდ ხმამაღლა ფიქრია“, — თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და ისიც დაამატა, რომ აქ პოლიტიკური მოტივი არაფერ შუაშია.

მანვე კომენტარი გააკეთა სანქცირებული რუსული ტანკერის ჩაძირვაზე ლიბიის სანაპიროსთან. ვლადიმერ პუტინის თანახმად, ეს „ტერორისტული თავდასხმაა“.

„ის, რაც დღეს ხდება ევროპულ ბაზრებზე, უპირველეს ყოვლისა, ევროპული მთავრობების არასწორი პოლიტიკის შედეგია ენერგეტიკის სფეროში. ეს არის მწვანე დღის წესრიგის ბოროტად გამოყენება — ყველა ამ ინსტრუმენტის გამოყენება შიდა პოლიტიკური საქმიანობისა და პარტიული ან კონკრეტული ჯგუფების მიზნების მისაღწევად. ასეთ პოლიტიკას არაფერი აქვს საერთო ამ ქვეყნების ხალხის ინტერესებთან.

ახლა სხვა ბაზრები იხსნება და, შესაძლოა, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იყოს, თუ ახლავე შევწყვეტთ ევროპულ ბაზარზე მიწოდებას, განვითარებად ბაზრებზე გადავინაცვლებთ და იქ გავამყარებთ ჩვენს პოზიციებს. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. მაგრამ თუ მათ ერთ-ორ თვეში თავად უნდა დახურონ ბაზარი, ხომ არ იქნება უკეთესი, რომ ახლავე შევწყვიტოთ მიწოდება და იმ ქვეყნებში გადავინაცვლოთ, რომლებიც საიმედო პარტნიორები არიან.

ტანკერის ჩაძირვა ტერორისტული თავდასხმაა. მსგავსი რამ ადრეც გვინახავს. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ ეს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე, მათ შორის ბუნებრივი აირის ბაზრებზე, ვითარებას უფრო ამწვავებს და, ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ევროპისთვის. გამოდის, რომ კიევის რეჟიმი რეალურად იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის — ანუ ევროკავშირს ტოტს“, — თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. პიტერ სიიარტოს თქმით, მოსკოვში იმაში დასარწმუნებლად ჩავიდა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, რუსეთი უნგრეთისთვის ბუნებრივი აირისა და ნედლი ნავთობის საჭირო ოდენობის მიწოდებას უცვლელი ტარიფით გააგრძელებს.

სიიარტომ უკრაინა „დრუჟბის“ მილსადენის შეფერხებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. კიევი ამ საკითხთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მილსადენი, რომელიც უნგრეთისა და სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ამარაგებს, რუსული დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

„პრეზიდენტმა და მინისტრებმა კარგად იციან, რომ უკრაინა უკვე კვირებია „დრუჟბას“ მილსადენით უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდებას მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო აფერხებს. სწორედ ამიტომ ვართ ორმაგად შეშფოთებულები ირანში ომის ფონზე საზღვაო გზით ნავთობისა და გაზის მიწოდების და მასთან ერთად გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების კრიზისულ პერიოდში შესვლით.

აქ პირადად მოვედი, რათა დავრწმუნდე და გარანტიები მივიღო, რომ არსებული კრიზისის პირობებშიც კი უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საჭირო ბუნებრივი აირისა და ნედლი ნავთობის ოდენობა ხელმისაწვდომია და რომ რუსეთი მათ უნგრეთისთვის მიწოდებას ფასის ცვლილების გარეშე გააგრძელებს“, — თქვა სიიარტომ პუტინთან შეხვედრისას.

მოსკოვი და ბუდაპეშტი შეთანხმდნენ უკრაინის არმიაში მებრძოლი ეთნიკურად უნგრელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზეც.

„ბატონო პრეზიდენტო, უკრაინაში ომი უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს. ბევრი ეთნიკური უნგრელი იძულებით გაიწვიეს არმიაში. ბევრმა მათგანმა სიცოცხლე დაკარგა, ბევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო ზოგი თქვენთან ტყვეობაში იმყოფება. ამიტომ ვთხოვეთ პრეზიდენტს, რომ განიხილოს იმ სამხედრო ტყვეების გათავისუფლება, რომლებიც ეთნიკურად უნგრელები არიან და უნგრეთის მოქალაქეობაც აქვთ“, — უთხრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პუტინს.

„გუშინ ჩვენი სატელეფონო საუბრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ვიქტორ ორბანმაც წამოჭრა ეს საკითხი. მან იკითხა, შეიძლებოდა თუ არა ამის განხილვა. ისინი ორმაგ მოქალაქეობას ფლობენ — როგორც უკრაინის, ისე უნგრეთის. იძულებით იყვნენ მობილიზებულები. და მე გადავწყვიტე, ორი მათგანი გავათავისუფლო. პრემიერ-მინისტრის თხოვნისამებრ, თქვენ შეძლებთ ისინი თან იმავე თვითმფრინავით წაიყვანოთ, რომელმაც აქ ჩამოგიყვანათ და რომლითაც ბუდაპეშტში დაბრუნდებით“, — უპასუხა პუტინმა.

ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. 2023 წელს მოსკოვმა ბუდაპეშტის თხოვნის შემდეგ ტყვეობიდან 11 უნგრეთის მოქალაქე გაათავისუფლა.

Related news
ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ევროკავშირის ბუნებრივი აირის მიწოდების ბაზარს თავად დატოვებს რუსეთის ცენტრალური ბანკი ევროკავშირს უჩივის