საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. ის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო დაიბარეს. ამ უმძიმესი ამბიდან თვენახევრის გასვლის შემდეგ მინისტრს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა უწყებამ ტრაგედიის დროს სწორად იმუშავა. ვახტანგ გომელაური უარყოფს ყველა იმ ბრალდებას, რომელიც მის მიმართ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ისმის. შინაგან საქმეთა მინისტრი სტიქიის ზონაში ამ ტრაგედიიდან მეათე დღეს ჩავიდა და იქ ჟურნალისტებთან ილაპარაკა, რომ რეალურად საქართველოს ჰყავს ღამის განათების სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენი, თუმცა მას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებენ, როცა უშუალოდ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. დეპუტატებს ამაზეც ჰქონდათ კითხვები მინისტრთან. სტიქიას შოვში ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ბავშვების.
ალეკო გვეტაძე