კატეგორიები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
Copyright AP
„ეს უდიდესი დანაკარგია მთელი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის“ — ამ სიტყვებით აცნობა საზოგადოებას მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი 93 წლის ასაკში, 17 მარტს, საღამოს გარდაიცვალა.

რამდენიმე საათით ადრე ის შინაგანი სისხლდენით, კრიტიკულ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესებული იყო.

ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა, ქართველი ხალხი კი სამძიმარს იღებს როგორც საერთაშორისო პარტნიორებისგან, ისე სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისგან.

„ის იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი სახე და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ასევე განახლების პერიოდში.

რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების სახელით ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებს და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, — ნათქვამია რუმინეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

„გამოვთქვამთ მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

მისი მრავალწლიანი მსახურება — რელიგიათაშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში — განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო“, — წერს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო.

საქართველოსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“, — წერს საქართველოში აშშ-ის საელჩო.

მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას უსამძიმრებს ევროკავშირის საელჩოც, რომელიც წერს, რომ „მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა.“

ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვრცელ სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოში საფრანგეთის საელჩო, სადაც წერს:

„როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე — უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა.

საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.

მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველი ხალხის მწუხარებას“.

საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებით, „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის“:

„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას“.

საქართველოში პოლონეთის საელჩოს სამძიმრის წერილში ნათქვამია: „მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ. დაე, მისმა უწმინდესობამ მშვიდად განისვენოს“.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1977 წლის შემდეგ იყო.

აღსაყდრების შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მას ეკლესიის წინამძღოლობა მოუწია ქვეყნისთვის არაერთ მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტში — თავდაპირველად, საბჭოთა პერიოდში, როდესაც რელიგია, ფაქტობრივად, აკრძალული იყო, შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში და უკვე დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, როდესაც საქართველომ არაერთი მძიმე პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა გადაიტანა.

ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე მეუფე შიო მუჯირი უხელმძღვანელებს, რომელიც ილია მეორემ 2017 წლის 23 ნოემბერს თანამოსაყდრედ დაასახელა.

სწორედ მან უნდა მოიწვიოს წმინდა სინოდი და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ახალი პატრიარქის შესახებ.

ეს პროცესი უნდა დაიწყოს ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, თუმცა არაუგვიანეს ორი თვისა. ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ, რომელთა რაოდენობა წმინდა სინოდში 39-ს შეადგენს.

არჩეულ კათოლიკოს-პატრიარქად ჩაითვლება სამი წარდგენილი კანდიდატიდან ერთი, რომელიც მიიღებს მათი ხმების ნახევარზე მეტს.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის