ბოგოტაში ძაღლების მომზადების სკოლას, ერთი ძალიან ცნობილი კურსდამთავრებული ჰყავს.
ძაღლი სახელად უილსონი იმ გუნდის ნაწილი იყო, რომელიც კოლუმბიის ჯუნგლებში დაკარგული ოთხი ბავშვის გადასარჩენად გაგზავნეს. ბავშვები 40 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ კოლუმბიის ჯუნგლებში და ყველას გასაკვირად ცოცხალი და უვნებელი იპოვეს კოლუმბიელმა ჯარისკაცებმა.
,,ტრენინგი, რომელიც უილსონს აქვს გავლილი, მას ველური ტყის გაუსაძლის პირობებისგან გადარჩენაში დაეხმარება. წყალი, მდინარე, ტალახი და კიდევ უამრავი დაბრკოლების გადასალახად არის მზად უილსონი. მთავარი მისი ცხოველური ინსტინქტია, ის პატარა ცხოველებზე ნადირობით გაიტანს თავს ტყეში, ამასობაში კი მას მაშველები იპოვიან.’,-ამბობს სერჟანტი ლუის ფერნანდო სენა ვერგარა.
სამხედრო მეთაურები ამბობენ, რომ 70-მდე ჯარისკაცი ჯერ კიდევ ეძებს ამ სამძებრო სამუშაოების დროს დაკარგულ ძაღლ უილსონს, რომელმაც მთავარი ოპერაციის დროს ძალიან დიდი დახმარება გაუწია ჯარისკაცებს, მაგრამ საუბედუროდ თვითონ დაიკარგა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, სერჟანტმა ლუის ფერნანდო სენა ვერგარამ აღნიშნა, რომ იმ ტერიტორიაზე სადაც სავარაუდოდ უილსონი არის დაკარგული, მათ საკვები დაყარეს, რომ ძაღლმა რაც შეიძლება დიდხანს გაძლოს, სანამ მაშველები იპოვიან.