ევროპის ქალაქებში ათასობით ირანელი ემიგრანტი, მათ შორის უამრავი ქალი, ქუჩაში გამოდის და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს. ისინი აღშფოთებული არიან ირანში დემონსტრაციების სასტიკი ჩახშობით, რომელსაც, მედიის ცნობით, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
თუმცა, ბრაზთან ერთად ემიგრანტებში შიშიც იზრდება. ირანში ინტერნეტის გათიშვისა და სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვის გამო უცხოეთში მყოფი ირანელები ვერ იგებენ, უსაფრთხოდ არიან თუ არა მათი ოჯახის წევრები.
„ყველაზე ვდარდობთ. ახლა უკვე აღარ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ჩემს ოჯახს ეხება. მგონია, რომ ირანში მცხოვრები 90 მილიონი ადამიანი ჩემი ოჯახის წევრია. მათ ხოცავენ. რაც უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება, მით უფრო გვაშინებს, რადგან ვიცით, რა არის ისლამური რესპუბლიკა და ვინ არის ალი ხამენეი“, – ამბობს აქციის მონაწილე მარიამ ნეჯათიპური.
ბერლინში მცხოვრები 34 წლის ანაჰიტა საფარნეჯადი ამბობს, რომ ირანში მილიონობით ადამიანს საკუთარი ოჯახის წევრად მიიჩნევს. ის თავს არ აძლევს დუმილის უფლებას. ანაჰიტას გარშემო ორი სამყაროა – ერთი მხრივ, ბერლინის მშვიდი ყოველდღიურობა, მეორე მხრივ კი, ირანში განვითარებული სისასტიკე. იგი ძმას ვერ უკავშირდება. ამიტომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ცდილობს მისი კვალის პოვნას.
„ხშირად მეკითხებიან, მყავს თუ არა ოჯახი ირანში. პასუხი არის კი, მე ირანში 90 მილიონი ოჯახი მყავს. როგორ შემიძლია გავჩუმდე და არაფერი გავაკეთო? სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩვენი ხმა არ ესმის“, – ამბობს ემიგრანტი ირანიდან, ანაჰიტა საფარნეჯადი.
ირანული დიასპორის მხარდაჭერის ერთ-ერთი ადგილი ბერლინში ჰედაიათის კაფეა, სადაც ემიგრანტები ერთმანეთს დუმილითა და თანაგრძნობით უზიარებენ ტკივილს. კაფეს მფლობელი მეჰრეგან მარუფი ამბობს, რომ ტრაგედიის მასშტაბი წარმოუდგენელია. იგი საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ახლა ეს ყველაფერი ბევრად უფრო დიდ მასშტაბს მოიცავს, რადგან იდენტობასაც ეხება. აქ მხოლოდ ჩაგვრისა და ქალთა უფლებების საკითხი არ დგას. დღეს უკვე მკაფიოდ ითქვა: ჩვენს კოლონიზებასა და ისლამიზაციას ცდილობენ. გვინდა, ისევ ირანელები ვიყოთ. გვინდა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ქვეყანა დავიბრუნოთ. აღარ გვინდა ეს ოკუპაცია“, – ამბობს ბერლინში მცხოვრები მარალ სალმასი.
ევროპაში მცხოვრებ დიასპორას მიაჩნია, რომ ირანის თეოკრატიული რეჟიმი უნდა დასრულდეს, თუმცა ქვეყნის მომავალი მოწყობის ხედვა განსხვავებულია. ბრძოლა კი გრძელდება, რათა ირანელებმა თავიანთი იდენტობა და კულტურა დაიბრუნონ.

