კაცს, რომელმაც იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს მკვლელობა აღიარა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაცია იაპონურმა მედიამ ოთხშაბათს, 21 იანვარს, გაავრცელა.
45 წლის ტეცუია იამაგამიმ აღიარა, რომ შინზო აბე 2022 წლის ივლისში, მისი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოკლა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნარაში.
პროკურორების მოთხოვნა იამაგამისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯა იყო, ხოლო ადვოკატები ითხოვდნენ, რომ სასამართლოს პატიმრობის ვადა არაუმეტეს 20 წლით განესაზღვრა. ისინი მიუთითებდნენ იამაგამის ბავშვობის პრობლემებზე, რომლებიც ეკლესიას უკავშირდება.
„სამწუხაროა, რომ მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდებულის პოზიცია“, – განაცხადა იამაგამის ადვოკატმა ჟურნალისტებთან.
იაპონიის კანონმდებლობა მკვლელობის შემთხვევაში სიკვდილით დასჯასაც ითვალისწინებს, თუმცა პროკურორები ამას მხოლოდ მაშინ მოითხოვენ ხოლმე, როცა მოკლულთა რაოდენობა სულ მცირე ორია.
როგორც იამაგამი ამბობს, თავდაპირველად მას ერთობის ეკლესიის ლიდერის მოკვლა სურდა, თუმცა რადგან მასთან მიახლოება რთული იყო, საბოლოოდ სამიზნე შეცვალა.
აბე იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი იყო. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იგი 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. მან ამ თანამდებობაზე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით იმსახურა და 2020 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა. შინზო აბე 2020 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით პრემიერის თანამდებობის დატოვების შემდეგ იგი საქმიანობას კანონმდებლის ამპლუაში აგრძელებდა.


