მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვას ბევრი ელოდა, რადგან მასში დონალდ ტრამპის საპასუხო გზავნილებს ელოდნენ.
საქმე ისაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონის მიერ მიწერილი პირადი წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი გრენლანდიასთან დაკავშირებით თეთრი სახლის პოლიტიკის მიმართ დაბნეულობას გამოხატავდა და თემის დასამუშავებლად სთავაზობდა ამერიკელ კოლეგას დიდი შვიდეულის შეხვედრის მოწყობას პარიზში.
საგულისხმოა კიდევ ერთი ფაქტორიც, მას შემდეგ რაც ელისეს სასახლემ ღაზის „მშვიდობის საბჭოში” მონაწილეობაზე უარი თქვა, დონალდ ტრამპი საფრანგეთს 200%-იანი ტარიფებით დაემუქრა მის მეირ ექსპორტირებულ ღვინოსა და შამპანურზე. აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც დასძინა, რომ ემანუელ მაკრონი საბჭოში „არავის სჭირდება, რადგან ის ოფისს მალე დატოვებს”.
თვალის ტრავმის გამო საფრანგეთის პრეზიდენტი დავოსში უჩვეულოდ, მზის სათვალით გამოჩნდა. მან გააკრიტიკა ის, რასაც წესების გარეშე მოქმედი სამყარო უწოდა. თავისი გზავნილებით დონალდ ტრამპისთვის მართალია პირდაპირ არ უპასუხია, თუმცა საკითხისთვის გვერდი არ აუვლია. მისივე თქმით, ახლა არა ახალი იმპერიალიზმის ან კოლონიალიზმის, არამედ თანამშრომლობის დროა, გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
„ევროპას აქვს ძალიან ძლიერი ხელსაწყოები და ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ, როდესაც პატივს არ გვცემენ, როდესაც სხვათა შორის პატივს არ სცემენ თამაშის წესებს. ზეწოლის წინააღმდეგი მექანიზმები ძლიერი ინსტრუმენტია და არ უნდა დავყოვნდეთ მის გამოყენებაში, დღევანდელ რთულ გარემოში. ჩვენ გვჭირდება ზრდა და მეტი სტაბილურობა. ამასთან გეტყვით, რომ ჩვენ ევროპაში ჩაგვრას პატივისცემას ვამჯობინებთ, შეთქმულებას – მეცნიერებას, სისასტიკეს კი კანონის უზენაესობას. თქვენ ევროპაში გულითადად მიგიღებენ, გულითადზე მეტად დაგხვდებიან საფრანგეთში”, – თქვა მის სიტყვაში საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ამის ფონზე უკრაინის პრეზიდენტი შეწუხებულია იმით, რომ გრენლანდიის ირგვლივ დაწყებულმა დავამ შესაძლოა უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომიდან ყურადღება გადაიტანოს. ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს ვაშინგტონს, გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა ევროპასთან ერთად.

