14-მდე გაიზარდა დაღუპულების რაოდენობა პაკისტანის ქალაქ კარაჩის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრის შედეგად.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, 19 იანვრის დილიდან დაიწყო იმ მოქალაქეთა ძებნა-შველის ოპერაცია, რომელთა დაკარგვის შესახებაც ადგილობრივ ხელისუფლებას მათი ოჯახების წევრებმა შეატყობინეს. ამ პირთა რაოდენობა კი, ადგილობრივი მედიის ცნობით, 60-ს აჭარბებს და ისინი, შესაძლოა, შენობის ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.
ხანძარი გაჩნდა პაკისტანის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრის შენობის იმ ნაწილში, სადაც კოსმეტიკური საშუალებები, ტანსაცმელი და ადვილად აალებადი ნივთები იყიდებოდა, რამაც ხელი შეუწყო ცეცხლის გავრცელებას სხვა სართულებზე მდებარე მაღაზიებზე, რომელთა რაოდენობაც 1 200-ს აჭარბებს.
17 იანვარს გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებას 24 საათზე მეტი დრო დასჭირდა.
პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზების დასადგენად, ჩატარდება დროული გამოძიება – ეს კი მას შემდეგ, რაც დასრულდება დაკარგულად მიჩნეული მოქალაქეების ძებნა-შველის ოპერაცია.
თუმცა ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება, ცნობილია, რომ ქალაქი კარაჩი განსაკუთრებით გამორჩეულია ხანძრით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით.
უბედური შემთხვევების გამომწვევ მიზეზთა შორის ხშირად სახელდება სახანძრო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების უგულებელყოფა და უკანონო მშენებლობა.
მაგალითად, 2023 წლის ნოემბერში ქალაქის კიდევ ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 10 მოქალაქე ემსხვერპლა, 11 წლით ადრე კი სამკერვალო ფაბრიკაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 260 პირი დაიღუპა.

