მთავარიამერიკააშშტარიფების მუქარა ვაშინგტონიდან და ბრიუსელის პასუხი

ტარიფების მუქარა ვაშინგტონიდან და ბრიუსელის პასუხი

ევროკავშირის ქვეყნები დონალდ ტრამპის ტარიფების დაწესების მუქარაზე საპასუხოდ ჯერ არ აპირებენ იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტის, იმავე სავაჭრო „ბაზუკას“ ამოქმედებას. ეს გადაწყვეტილება ბრიუსელში კვირას, 18 იანვარს, გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს – განუცხადეს Euronews-ს ინფორმირებულმა პირებმა.

მათი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სურთ, რომ პირველ რიგში უპირატესობა დიალოგსა და დიპლომატიას მიანიჭონ და ამ ეტაპზე საპასუხო ზომების დაუყოვნებლივ ამოქმედებისგან თავი შეიკავონ.

იძულების საწინააღმდეგო მექანიზმი, იგივე „ბაზუკა“ ევროკავშირმა 2023 წელს მიიღო და ჯერ არ გამოუყენებია. იგი „ეკონომიკური შანტაჟის“ შემთხვევაში ბლოკს არამეგობრული ქვეყნების დასჯის საშუალებას აძლევს, მათ შორის სავაჭრო ლიცენზიების შეზღუდვითა და ერთიან ბაზარზე წვდომის შეწყვეტით.

როგორც კიდევ ერთი დიპლომატიური წყარო ამბობს, იძულების საწინააღმდეგო მექანიზმთან ერთად ევროკომისიამ წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს კიდევ რამდენიმე ვარიანტი წარუდგინა, თუმცა მათ კენჭისყრა არ ჩაატარეს – ვარიანტებს არც მხარი დაუჭირეს და არც დაუპირისპირდნენ.

წყარო იმასაც აღნიშნავს, თუკი ტრამპი მუქარას სისრულეში მოიყვანს და 1-ელი თებერვლიდან რვა ევროპულ ქვეყანას, მათ შორის დანიას, გერმანიასა და საფრანგეთს დამატებით 10%-იან ტარიფებს დაუწესებს, ევროკავშირს შეუძლია, კვლავ აამოქმედოს 93 მილიარდი ევროს ოდენობის საპასუხო პაკეტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პროდუქტებს შეეხება.

გადაწყვეტილებას, აღდგება თუ არა გასულ წელს შეჩერებული ტარიფები, ევროკავშირი პირველი თებერვლის შემდეგ მიიღებს.

ეს პაკეტი შარშან მომზადდა – იმ ფონზე, როცა გაურკვეველი იყო, დათანხმდებოდა თუ არა ტრამპი სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. იგი თაროზე მას შემდეგ შემოიდო, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს.

თუმცა ტრამპის მიერ გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ტარიფების დაწესების მუქარამ ეს შეთანხმება ეჭვქვეშ დააყენა. ევროპარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის თაობაზე კენჭისყრა, რომელიც თვის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, დროებით გადაიდება.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ „უახლოეს დღეებში“ მოიწვია ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტი. წყაროს თანახმად, სამიტი, სავარაუდოდ, 22 იანვარს გაიმართება.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ შექმნილ ვითარებაში ევროპული ქვეყნები ერთად დადგებიან. ნორვეგიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ახლა დანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან „კონსტრუქციულ დიალოგშია“ და ეს კურსი იქამდე შენარჩუნდება, ვიდრე შტატები სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

„ამ პროცესის დაწყებიდანვე  ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებსა და მეგობრებთან კონსტრუქციულ დიალოგს მოვითხოვდით – სოციალური მედიის, ხმაურიანი სათაურებისა და მკაცრი სიტყვების გარეშე. ეს დიალოგი გასულ კვირას დავიწყეთ და მასზე უარს არ ვიტყვით. მე მაქვს შეთანხმება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა მას შემდეგ, რაც პრესსპიკერის განცხადებებს მოვუსმინეთ. ამიტომ ამ კურსს შევინარჩუნებთ, თუ ამერიკის შეერთებული შტატები სხვაგვარად არ გადაწყვეტს. ამავე დროს, რა თქმა უნდა, საჭიროა ევროკავშირის რეაგირება. ამ პრესკონფერენციაზე ამას არ განვავრცობ. ჩვენს ევროპელ მეგობრებს შორის მჭიდრო კონსულტაციები მიმდინარეობს. ვვარაუდობ, რომ გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც. ასევე გავაგრძელებთ ინტენსიურ კონსულტაციებს იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, თუმცა ინტეგრირებულნი არიან ერთიან ბაზარში და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ნატოს წევრები არიან. რადგან ეს საკითხი მხოლოდ ევროკავშირს არ ეხება – ის, არსებითად, ნატოს უკავშირდება.

ამერიკის პრეზიდენტი დიპლომატიურად რომ ვთქვათ, არაორდინარულია. თუმცა ამერიკა სხვა რამ არის და იგი მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტი არაა. ამერიკულ საზოგადოებაში არსებობს ბალანსისა და კონტროლის მექანიზმები. სწორედ ეს მაძლევს რწმენას, რომ როცა ერთად ვდგავართ და როცა შეგვიძლია ავხსნათ, რა დევს სასწორზე, ამ გამოწვევასაც დავძლევთ. ეს არ არის მხოლოდ ევროპისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მნიშვნელოვანი რამეები თავად შეერთებული შტატებისთვისაც დევს სასწორზე“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა.

„ნატოს არსებითი დანიშნულება თავისი წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა – სწორედ ამაზეა ყველაფერი დაფუძნებული. ეს გაეროს ქარტიაში განსაზღვრულ კოლექტიური თავდაცვის უფლებას ეფუძნება. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც ლარსმა თქვა: ჩვენ გვაქვს ორი გზავნილი, რომელსაც ვუზიარებთ ყველა საკითხთან დაკავშირებულ ქვეყანას – არა მხოლოდ იმ რვას, არამედ ყველა ევროპულ ქვეყანასა და კანადას. ერთი მხრივ, ჩვენ ვდგავართ დანიის სამეფოს გვერდით მისი სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. თუმცა, ამავე დროს, მზად ვართ ამერიკასა და ყველა ჩვენს მოკავშირესთან ერთად მეტი გავაკეთოთ არქტიკაში. სწორედ ამიტომ ვზრდით ჩვენს კონტინგენტს გრენლანდიაში“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ.

„ჩინეთსა და რუსეთს ალბათ კარგი დღე აქვთ. სწორედ ისინი სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით“, – დაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა, პლატფორმა X-ზე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ევროპის რვა ქვეყანას 10%-იან ტარიფებს უწესებს. მანვე აღნიშნა, რომ თუკი გრენლანდიის უსაფრთხოება თუ საფრთხის ქვეშაა, ამის განხილვა ნატოს ფარგლებშია შესაძლებელი და ტარიფები ევროპისა და შეერთებული შტატების გაღარიბებისა და საერთო კეთილდღეობისთვის ძირის გამოთხრის რისკს ზრდის.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი აღნიშნა, რომ ევროპა „ერთიანი, კოორდინირებული და საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მტკიცედ ერთგული“ დარჩება.

„ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია.

ისინი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა როგორც ევროპისთვის, ასევე მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

ჩვენ მუდმივად ვუსვამდით ხაზს ჩვენს საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს არქტიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მათ შორის ნატოს ფარგლებში.

დანიის მიერ წინასწარ კოორდინირებული სამხედრო სწავლება, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ჩატარდა, არქტიკაში უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას პასუხობს და საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს.

ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიისა და გრენლანდიის მოსახლეობას. დიალოგი კვლავ აუცილებელია და ჩვენ იმ პროცესის გაგრძელების  ერთგულნი ვრჩებით, რომელიც გასულ კვირას დაიწყო დანიის სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის.

ტარიფები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს დააზიანებდა და შექმნიდა სახიფათო დაღმავალ სპირალს. ევროპა დარჩება ერთიანი, კოორდინირებული და საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მტკიცედ ერთგული“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პლატფორმა X-ზე.

განცხადება ერთობლივად გაავრცელა ნატოს წევრმა რვა ქვეყანამ – დანიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. ალიანსის წევრი ქვეყნები წერილში კიდევ ერთხელ ადასტურებენ „სრულ სოლიდარობას დანიისა სამეფოსა და გრენლანდიელი ხალხის მიმართ“ და აცხადებენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის, რომელიც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს დაეყრდნობა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კი რიტორიკას არ ცვლის.

„ევროპელი ლიდერები ბოლოს მაინც მოვლენ გონს და მიხვდებიან, რომ მათ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნა სჭირდებათ. რა მოხდებოდა უკრაინაში, შტატებს რომ მხარდაჭერა შეეწყვიტა? ყველაფერი ჩამოიშლებოდა. გასაგებად რომ ვთქვათ – 1980 წლიდან დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხარჯები ნატოს ევროპული ქვეყნების სამხედრო ხარჯებზე მაღალია. ჩვენ 22 ტრილიონი დოლარით მეტი დავხარჯეთ ვიდრე ევროპელებმა. ჩვენ ვართ მშვიდობა ძალის მეშვეობით. ხოლო ევროპელები ახლა მხოლოდ ცდილობენ ჩამორჩენის აღმოფხვრას. და ეს მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპის წყალობით ხდება. პრეზიდენტ ტრამპს ნატოსი სჯერა, მაგრამ მას არ სჯერა, რომ ამერიკელი ხალხი უსასრულოდ უნდა იყოს ჩათრეული კონფლიქტებში“, – განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა.

ტარიფების დაწესებაზე მუქარის ფონზე დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით გრენლანდიელი გამოვიდა. „გრენლანდია არ იყიდება“, – ეს პროტესტის მთავარი ლოზუნგია.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია გრენლანდიის დაუფლებაზე აქტიურად საუბრობენ. თეთრი სახლი ამისთვის სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებასაც კი განიხილავს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ შტატები კუნძულს არ „აიღებს“, ამას რუსეთი ან ჩინეთი გააკეთებს.

დონალდ ტრამპი სავაჭრო ტარიფებს უწესებს ყველა იმ ქვეყანას, ვინც დანიის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და საკუთარი სამხედროები გრენლანდიაში გააგზავნა.

მისი თქმით, 10%-იანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთს, ნორვეგიასა და დიდი ბრიტანეთს. ხოლო თუ შეთანხმება არ შედგება, პირველი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ უპირატესობას ტერიტორიის შესახებ „შეთანხმების დადებას“ ანიჭებს, თუმცა მისივე სიტყვებით, ამ ან სხვა გზით, „გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების იქნება”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend