უნგრეთთან მწვავე დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიქტორ ორბანთან დაკავშირებულ კომენტარებს, რომ უკრაინელ სამხედროებს მის მისამართს მისცემს, რათა გაესაუბრონ.
ბუდაპეშტში უარყოფითად შეაფასეს ეს განცხადებები და სიკვდილის მუქარად აღიქვეს, რამაც კიდევ უფრო მეტად გაამწვავა ორ ქვეყანა შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა.
უკრაინის ლიდერის განცხადება მკაცრად დაგმო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
„გმადლობ, რომ ესწრებით ამ პრესკონფერენციას შოპრონში. დარწმუნებული ვარ, გსმენიათ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პრეზიდენტი ზელენსკი ჩვენს პრემიერ-მინისტრს პრაქტიკულად სიკვდილით დაემუქრა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ჯარისკაცები უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან მივლენ, თუ ჩვენ არ დავეთანხმებით უკრაინის მიერ ევროპისა და უნგრელი ხალხის ფულის უკრაინაში გაგზავნას. ეს ყველა ზღვარს სცილდება. ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სიკვდილით რომ ემუქრება, ეს ახალ სიტუაციას ქმნის ევროპაში. ვერც უნგრეთს დაემუქრებით და ვერც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს. ჩვენ, უნგრელებს, ვერ დაგვაშანტაჟებთ, რაც არ უნდა გვითხრას უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უნგრელი ხალხის ფული უკრაინაში წაიღონ. როგორც არ უნდა დაგვემუქროს პრეზიდენტი ზელენსკი, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უნგრეთი ომში ჩაითრიონ. რაც არ უნდა უხამსად და უხეშად მოგვმართოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ჩვენ არ დავაფინანსებთ მათ ომს“. - ამბობს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო.
ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაძაბულია. აპრილში უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. საარჩევნო კამპანიის მთავარი საკითხები კი უკრაინის ევროკავშირში გაწევრებისკენ სწრაფვა და კიევთან კავშირია.
ორბანის მთავარმა კონკურენტმა, ოპოზიციის ლიდერმა პიტერ მადიარმაც, დაგმო ზელენსკის განცხადებები.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დაემუქრა. არცერთი სახელმწიფოს მეთაურს არ არ აქვს უფლება, ვინმეს დაემუქროს, მათ შორის უნგრელს.
5 მარტს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ორბანთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი:
„ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს, ან 90-მილიარდიდან პირველ ტრანშს და უკრაინელ მეომრებს იარაღი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ, დაურეკონ და მათ ენაზე ესაუბრონ“. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე ასევე ნათლად განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს მილსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას. სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს, მას არანარი ინტერესი არ აქვს, ხელი შეუწყოს რუსული ნავთობის მიწოდებას. მისი თქმით, სარემონტო სამუშაოების ჩატარება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის დროს იქნება შესაძლებელი.
„გულწრფელად რომ ვთქვა, მე ამას არ აღვადგენდი. ეს ჩემი პოზიციაა. ეს გავუზიარე ევროპელ ლიდერებს, მათ, ვინც დამირეკა და ამის შესახებ მკითხა. იგივე ვუთხარი ევროკავშირის ხელმძღვანელობასაც. იმიტომ, რომ ეს რუსული ნავთობია. და არსებობს გარკვეული პრინციპები, რომლებსაც ფასი არ აქვთ. ისინი გვხოცავენ და ჩვენ ორბანს ნავთობი უნდა მივცეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამის გარეშე არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს? - ამბობს უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი.
პლატფორმა „იქსზე“ გაკეთებულ განცხადებაში ორბანმა კომპრომისი გამორიცხა. მისი თქმით, ისინი მალე გაარღვევენ უკრაინის ენერგობლოკადას და ნავთობი კვლავ გავა მილსადენ „დრუჟბით“.
გასულ კვირას ორბანმა, უკრაინის მხრიდან საფრთხის ასაცილებლად, სამხედროებსა და პოლიციას უნგრეთის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა მოსთხოვა.
დავა ძირითადად მილსადენ „დრუჟბის“ გარშემო მიმდინარეობს. მილსადენი იანვრის ბოლოს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა და მას შემდეგ ექსპლუატაციაში არ შესულა. უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის ბოლო ორი წევრი სახელმწიფოა, რომლებსაც ამ მარშრუტით შეაქვთ თავიანთ ქვეყნებში მნიშვნელოვანი რაოდენობით რუსული ნავთობი.
