ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის ზრდასთან ერთად, დიდი ბრიტანეთი კატარში დამატებით ავიაგამანადგურებლებს გზავნის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ტაიფუნის ტიპის ოთხი ავიაგამანადგურებელი მალე შეუერთდება დიდი ბრიტანეთის ესკადრილიას სპარსეთის ყურეში, რათა რეგიონში თავდაცვითი ოპერაციები გააძლიეროს.
ეს გადაწყვეტილება ლონდონში მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე დღის წინ კვიპროსში განლაგებულ სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებზე იერიში იქნა მიტანილი. სწორედ ეს შემთხვევა გამოიყენა მთავარ არგუმენტად კატარში ძალების გაგზავნისთვის ქვეყნის ლიდერმა, რომელმაც ირანი გლობალური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.
„ირანი უტევს ბუნებრივი აირისა და სანავთობე ინფრასტრუქტურას სპარსეთის ყურეში, ისევე როგორც ტანკერებს ჰორმუზის სრუტეში. ამით ის ცდილობს მსოფლიოში ეკონომიკური ზიანი გამოიწვიოს. ჩვენ გავაგრძელებთ იმ ინდუსტრიებთან მუშაობას, რომლებიც ამ იერიშებმა დააზარალა. ასევე ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან, რათა ნებისმიერ ასეთ მცდელობას პასუხი გაეცეს“, — აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.
დრონსაწინააღმდეგო შესაძლებლობებით აღჭურვილ Wildcat-ის ტიპის ორ ბრიტანულ ვერტმფრენს კვიპროსში პარასკევს ელოდებიან. გზაშია ბრიტანული ავიამზიდი HMS Dragon-იც, რომელიც კვიპროსის სანაპიროებისკენ მიემართება და დანიშნულების ადგილს მომდევნო კვირას მიაღწევს. ბეირუთიდან კვიპროსზე მიტანილი იერიშის ადგილას, აკროტირიში, ამჟამად საჰაერო ძალების დაახლოებით 400 დამატებითი პერსონალია განთავსებული. ამ მხრივ ლონდონი სხვა სახელმწიფოებს აღემატება, რადგან სწრაფი ავიაგამანადგურებლების თვალსაზრისით ადგილზე ყველაზე მეტი ჰყავს წარმოდგენილი, რაც მსოფლიოს ამ ნაწილის დაცვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ესკალაციის ფონზე ბრიტანელ პრემიერს გაუჭირდა იმის დაკონკრეტება, თუ რა დროის განმავლობაში გაგრძელდება კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში.
„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს დეესკალაციისთვის. ზუსტ დროს ვერ გეტყვით და არ მგონია, ვინმემ გითხრათ. ჩემი მტკიცე პოზიციაა, რომ საჭიროა დეესკალაცია და როდესაც ვსაუბრობთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა ბირთვული შესაძლებლობები, ეს უნდა გახდეს მოლაპარაკებების საკითხი“, — ამბობს ბრიტანელი პრემიერი.
მიუხედავად სამხედრო გააქტიურებისა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ხაზს უსვამს, რომ დიდ ბრიტანეთს ამ პროცესში მშვიდი მიდგომა აქვს. თუმცა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს ლონდონის ჩაბმას აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივ იერიშებში ირანზე. ამის შესახებ კვიპროსში, აკროტირის სამხედრო ბაზაზე ჩასულმა ჯონ ჰილიმ განაცხადა.
„როგორც კი კონფლიქტში გარემოებები შეიცვლება, მზად უნდა ვიყოთ მათთან ადაპტაციისთვის და მოქმედებისთვის. ამას უკვე ვაკეთებთ დრონსაწინააღმდეგო ვერტმფრენებითა და ტაიფუნის ტიპის გამანადგურებლების ადგილზე მობილიზებით, ასევე წამყვანი დამგეგმავების კოორდინაციით პროცესში. ამასთან, აქამდე გადადგმული ყველა ჩვენი ნაბიჯი იყო მკაცრად თავდაცვითი და კანონიერი, რაც მთავარია — კოორდინირებული ჩვენს მოკავშირეებთან“, — აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ.
დიდმა ბრიტანეთმა თავდაპირველად უარი თქვა რაიმე სახის ჩართულობაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში, თუმცა მოგვიანებით აშშ-ის მოთხოვნას დათანხმდა, გამოეყენებინათ ორი ბრიტანული სამხედრო ბაზა „კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნებისთვის“. მიუხედავად შეცვლილი პოზიციისა, პირველადი რეაქციის გამო ლონდონი ვაშინგტონის კრიტიკას მაინც ვერ აცდა.
